ქადაგიშვილი – ოპოზიციას: კარასინის განცხადებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით

გრიგორი კარასინის განცხადებებით ხელისუფლების დაზიანებას ნუ შეეცდებით – კარასინისა და ძმათა მათი მიზანი სწორედ ის არის, რომ მარტივი პროვოკაციების მეშვეობით ე.წ. რადიკალურ ოპოზიციასა და მათ რუპორებს ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობა მისცენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, რუსეთში დიასპორის ფორუმებში მონაწილეობა და კარასინის განცხადებები ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ კურსს არ ცვლის.

“მინდა ყველასთვის ნათლად განვმარტო – რუსეთის ხელისუფლება საკუთარი განცხადებებით მაქსიმალურად ეცდება ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაძაბულობის, დუღილის ტემპერატურის აწევას. გამომდინარე აქედან, ყველას მოვუწოდებ, რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ჩვენი ხელისუფლების დღის წესრიგის განმსაზღვრელად ნუ გახდით – მათი განცხადებები ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგის განმსაზღვრელი არ არის.
რა განცხადებას გააკეთებს კარასინი, რუსეთში საქართველოდან კერძო პირი ჩავა თუ არა და იქ მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლები რა ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას, ეს საქართველოს გეოპოლიტიკურ კურსს არ ცვლის“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ცნობისათვის, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 24 მარტს მოსკოვში გაიხსნა ქართულ-რუსული საექსპერტო შეხვედრა. მასში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 40-მა ექსპერტმა, პოლიტოლოგმა და მეცნიერმა ორივე მხრიდან. მონაწილეებს შეხვდა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი. როგორც კარასინმა განაცხადა, რუსეთს დასავლეთის მიერ მიღებული სანქციების მიმართ საქართველოს რეაქცია „შეუმჩნეველი არ დარჩენია”.

„პოსტსაბჭოთა სივრცეს ჩვენ ვუყურებთ, როგორც ტრადიციულ მეგობრებს, არსებული ურთიერთობა ხასიათდება ურთიერთდახმარებით. რუსეთი მხარს უჭერს ყველა საკითხისადმი მშვიდ მიდგომას. ვინც ჩვენ გვეპყრობა სამართლიანად და ღიად გველაპარაკება, ის მეგობრად დარჩება”, – განაცხადა კარასინმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები