ამბროლაურში მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობა მიმდინარეობს
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის” ფარგლებში, ქალაქ ამბროლაურში, მდინარე კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, რაჭა-ლეჩხუმ – ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან პაპუნა მარგველიძესთან და მუნიციპალიტეტის მერთან ზვიად მხეიძესთან ერთად გაეცნო.
არსებული ინფორმაციით, პროექტის ჯამური ღირებულება 4 553 234 ლარს შეადგენს და მისი დასრულება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.
პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, ბულვარის გაკეთება, გასართობი სივრცეების შექმნა და კაფე-ბარების მშენებლობა.
“სამუშაოების დასრულების შემდეგ ,,სანაპირო” გახდება ქალაქის ერთ-ერთი საინტერესო და მიმზიდველი ადგილი როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვის.
პროექტი ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას, ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
,,საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამას” საქართველოს მთავრობა ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებს და მისი მიზანია, დაბალანსებული და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა ინტეგრირებული ინიციატივების განხორციელების გზით.