რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში ფოსფორული ბომბები გამოიყენეს, არიან დაღუპულები

რუსმა ოკუპანტებმა, უკრაინაში შეჭრიდან ერთი თვის თავზე, ლუგანსკში ფოსფორული ბომბები გამოიყენეს. სარაკეტო იერიშის შედეგად, 4 ადამიანია დაღუპული.

ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ლუგანსკის სამხარეო სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერგეი გაიდაი ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მთლიანად დანგრეულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ამასთან, ბოლო ერთი დღის განმავლობაში ოლქში ნაწილობრივ ან მთლიანად დანგრეულია 31 ობიექტი, მათგან 23 საცხოვრებელი სახლია, კერძოდ, 10 – მაღალსართულიანი და 13 – კერძო.

ასევე, მტერი ინტენსიურ სარაკეტო იერიშებს ახორციელებს სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, რუბიჟნის, კრემენის, ნოვოდრუჟესკის, ვოევოდოვკას მიმართულებით, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა რუბეჟნიში.

ცნობისთვის: ფოსფორული ბომბები და ჭურვები ძალიან სახიფათოა, რადგანაც მათი წვის ტემპერატურა 1300 გრადუსს აღწევს. თეთრი და ხშირი ბოლი, რომელიც ფოსფორის წვის დროს გამოიყოფა, ახრჩობს და წამლავს აფეთქების ტერიტორიაზე მყოფ ყველა ცოცხალ არსებას. ფოსფორი შხამიანი ნივთიერებაა. ის ძვლებს, ძვლის და თავის ტვინს აზიანებს და ქსოვილების გადაგვარებას იწვევს. თუ ადამიანი ფოსფორული ბომბების ან ჭურვების აფეთქების ზონაში იმყოფება, ამ შემთხვევაში მისთვის დახმარების გაწევას მხოლოდ სპეციალურად მომზადებული სამედიცინო მუშაკი შეძლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები