იაპონიის საელჩოს დაფინანსებით, აგროსერვის ცენტრის მიერ ჩაქვის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე თანამედროვე სათბურ-იზოლატორი მოეწყობა
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრმა, საქართველოში იაპონიის საელჩოს „ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის” (GGP) გრანტი მოიპოვა.
სამინისტროსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის ერთობლივი ძალისხმევით, საგრანტო პროგრამაში წარდგენილი იქნა პროექტი “აჭარის რეგიონში სათბურ-იზოლატორის მოწყობის შესახებ” რომლის მიზანია აჭარაში მანდარინის მაღალხარისხიანი ნერგების წარმოება, რაც მნიშვნელოვანია რეგიონისთვის მთავარი სასოფლო-სამეურნეო კულტურის განვითარებისთვის და მანდარინის ბაღების განახლებისთვის.
მიღებული გრანტი 205 856 ათას ლარს შეადგენს, რომელიც გამოყენებული იქნება ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრის მიერ ჩაქვის სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე 1000 კვ.მ თანამედროვე სათბურ-იზოლატორის (სქრინჰაუსის) მოწყობისთვის. იაპონიის საელჩოსა და ა(ა)იპ აგროსერვის ცენტრს შორის ხელშეკრულება მიმდინარე წლის 22 მარტს გაფორმდა.
“აჭარაში მანდარინის წარმოებაში 22 000-ზე მეტი ფერმერია ჩართული და ბევრი მათგანი დამოკიდებულია მანდარინის რეალიზაციიდან მიღებულ შემოსავალზე. დეგრადირებული, ბიოლოგიურად დაბერებული მანდარინის ბაღები არის მთავარი გამოწვევა ამ დარგში, რაც ხელს უშლის ფერმერებისთვის ღირსეული შემოსავლის გამომუშავებას. შესაბამისად, გავლენას ახდენს მათ ეკონომიკურ მდგომარეობაზე. 2024 წლიდან, ასოცირების ხელშეკრულებით (AA) გათვალისწინებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის კანონმდებლობის დაგეგმილი ჰარმონიზაციის საპასუხოდ, ქვეყნის ყველა სანერგე მეურნეობა უნდა იყოს სერტიფიცირებული და შესაბამისად, უნდა აწარმოებდეს სერტიფიცირებულ ნერგებს. ეს დიდი გამოწვევაა ადგილობრივი სანერგე მეურნეობებისთვის, ვინაიდან მათ უმეტესობას არ გააჩნია საჭირო ტექნიკური და ფინანსური შესაძლებლობები მაღალი ხარისხის, სერტიფიცირებული ნერგის წარმოებისთვის. სწორედ სათბურ-იზოლატორებია (სქრინჰაუსები) აუცილებელი ასეთი ნერგების წარმოებისთვის. ციტრუსი არის ჩვენი რეგიონისთვის სტრატეგიული კულტურა და სამინისტროს მომავალში დაგეგმილი აქვს, პროგრამებით ხელი შეუწყოს ციტრუსოვანთა ბაღების გაშენებას, ხარისხიანი ციტრუსის წარმოებას და ტრადიციული ბაზრების დივერსიფიცირებას’’, – განაცხადა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა, გიორგი სურმანიძემ.