ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ანგარიში მოისმინეს

ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ევროკავშირში ეკონომიკური ინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში კომიტეტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ წარუდგინა.

„როგორც მოგეხსენებათ მიმდინარე წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში წევრობასთან დაკავშირებით. ეს უმნიშვნელოვანესი ეტაპია საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს მთავრობის ამ გადაწყვეტილებამ დააჩქარა საქართველოს ევროპულ ოჯახში გაერთიანების პროცესი და კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა შესძინა ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ის განხორციელების პროცესს. საქართველოს მთავრობის ძირითადი ძალისხმევა მომართულია ამ პროცესის მაქსიმალური ხელშეწყობისაკენ”, – განაცხადა გენადი არველაძემ.

მისი თქმით, DCFTA-ს განხორციელების პროცესზე ეფექტიანი მონიტორინგისა და პოლიტიკის დანერგვის მიზნით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, როგორც ქვეყნის დონეზე DCFTA-ის ვალდებულებების შესრულების მაკოორდინირებელი უწყება, 2014 წლიდან ამ მიმართულებით შეიმუშავებს საშუალოვადიან და წლიურ სამოქმედო გეგმებს. ასევე გრძელდება DCFTA-ს განხორციელების პროცესის ორმხრივ ფორმატში განხილვა ევროკომისიასთან. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ გასული წლის დეკემბერში ასოცირების კომიტეტის მერვე შეხვედრაზე ევროკომისიამ უმაღლესი შეფასება მისცა საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას და იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მიაღწია ვაჭრობასთან დაკავშირებული რეფორმების განხორციელების მიმართულებით. „ასევე აღსანიშნავია, რომ 2021 წელს ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესების შესაბამისად საგარეო ვაჭრობის მონაცემებმა გადააჭარბა პანდემიამდელ მაჩვენებელს.

ექსპორტი 26,9%-ით დაიზარდა და რეკორდულად მაღალ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შეადგინა 4 მილიარდ 222 მლნ აშშ დოლარი. დადებითი ტენდენციები შეინიშნება ორმხრივ ვაჭრობაში 2021 წელს საქართველოს სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა 19%-ით, ევროკავშირში საქართველოდან ექსპორტი 3%-ით გაიზარდა. წლიდან წლამდე იზრდება ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობაც. DCFTA-ს სრულად ათვისების მიზნით ვახორციელებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, მათ შორის საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას, რაც გულისხმობს ევროპული სტანდარტების დანერგვას და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან მიახლოებას. ამ სფეროში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს”- განაცხადა გენადი არველაძემ. ყველა ამ ჩამოთვლილი მიმართულებით პროგრესის დემონსტრირების მიზნით მან შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები წარმოადგინა.

მომხსენებელმა სხდომაზე ასევე დეტალურად ისაუბრა „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ” შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების სწორედ ის ნაწილია, რომელიც საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში მაქსიმალური ინტეგრაციის შესაძლებლობას აძლევს. „თავის მხრივ, ევროკავშირის ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია და ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯები არის ის, რაც რეალურად ცვლის ქვეყანას და რეალურად აახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან.

აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკემბრის სამიტზეც სწორედ ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებზე გაკეთდა განსაკუთრებული აქცენტი, რაც თავისთავად მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. თუმცა დღეს, როდესაც საქართველომ უკვე გააკეთა ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მე ვფიქრობ ჩვენ ევროკავშირთან ურთიერთობების სრულიად ახალ ეტაპზე გადავედით რამაც კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა უნდა გაუხსნას საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციისთვის. ბუნებრივია, ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია, იმ რეფორმების გატარება, რაც ასოცირების შეთანხმებით არის გათვალისწინებული და ამავდროულად გავააქტიუროთ ევროკავშირთან თანამშრომლობა, რომ ეკონომიკური ინტეგრაცია უფრო სწრაფი და ქმედითი იყოს”, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები