,,ქართული ხალხური ცეკვა” (დავით ჯავრიშვილი) – წიგნის წარდგენა ფოლკლორის ცენტრში

ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ,,ქართული ხალხური ცეკვა” (დავით ჯავრიშვილი) 746 – გვერდიანი წიგნის წარდგენა გაიმართა.
წიგნი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის არქივსა და საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში დაცული დავით ჯავრიშვილის მიერ მოძიებული და დამუშავებული სამეცნიერო სახის ნაშრომების მიხედვით, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა გამოსცა.
გამოცემა მოცულობითია – მასში დავით ჯავრიშვილის გამოქვეყნებულ შრომებთან ერთად პირველად იბეჭდება ,,ქართველ ქალთა ცეკვები“ (რვა ცეკვა), კინოფირიდან გაშიფრული თოთხმეტი სვანური ფერხული, ხელოვნების სასახლის არქივში დაცული 20-მდე უცნობი ცეკვის ნახაზი და 25-მდე პირადი წერილი. ეს პოლიჟანრული წიგნი ბოლოვდება ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალისტთა მიერ შედგენილი 500-სიტყვიანი ლექსიკონით.
დავით ჯავრიშვილი ქართული ტანვარჯიშის ერთ-ერთი ფუძემდებელი, ცნობილი ბალეტმაისტერი, ქორეოგრაფი, ქორეოლოგი და ქართული ცეკვის გამორჩეული მკვლევარი და პედაგოგ-ქორეოგრაფი იყო. მის სახელს უკავშირდება ქართული კლასიკური ქორეოგრაფიის განვითარება და 80-მდე ქართული ხალხური ცეკვის დადგმა.

1935 წელს ლონდონის საერთაშორისო ფესტივალზე დავით ჯავრიშვილი ქართველ მოცეკვავეთა ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ამას 1951 წლის ბერლინის საერთაშორისო და 1955 წლის ვარშავის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მსოფლიო ფესტივალები მოჰყვა.
დავით ჯავრიშვილმა საქართველოს ფარგლებს გარეთ – მოსკოვის, პეტერბურგის, ხარკოვისა და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში წარმოდგენილ ქართულ ოპერებში პირველად ქართული ცეკვები დადგა.
კრებულში შესული ოთხი ცეკვა გუშინ ფოლკლორის ცენტრის დარბაზის სცენაზე გაცოცხლდა.
პრეზენტაციას თავად უძღვებოდა წიგნის შემდგენელი, ფოლკლორის ცენტრის ქორეოგრაფიის მიმართულების ხელმძღვანელი უჩა დვალიშვილი.
პრეზენტაციას დაესწრნენ ქართული ქორეოგრაფიული სფეროს უხუცესები, ძველი და ახალი თაობის მოცეკვავეები.
ყველა მოწვეულ სტუმარს წიგნები საჩუქრად გადაეცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები