ეროვნული გალერეა, 22 მარტიდან, ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენას – „თეთრ წრეს“ უმასპინძლებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 22 მარტს, 16:00 საათზე, ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა – „თეთრი წრე“ გაიხსნება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ ბოლო პერიოდში შექმნილი 70-მდე ფერწერული ტილო, რომელთა ხილვის შესაძლებლობა დამთვალიერებლებს 12 აპრილამდე ექნებათ. გამოფენის კურატორია მაკა ბეჟუაშვილი.
ზაალ ბაჩანაშვილი 1954 წელს თელავის რაიონის სოფელ ლეჩურში დაიბადა. სამხატვრო განათლება მან, 1968-1971 წლებში, თელავის სამხატვრო სკოლაში მიიღო, ხოლო 1973 წლიდან სწავლა თბილისის სამხატვრო აკადემიაში განაგრძო. ზაალ ბაჩანაშვილის არაერთი გამოფენა წარმატებით მოეწყო როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მხატვრის თითოეული ნამუშევარი უკავშირდება კონკრეტულ ცხოვრებისეულ მოვლენასა და გამოცდილებას, რომლის არსი, მხატვრის რწმენით, მიწიერი და ყოფითი ცხოვრების ზეციურთან თანაზიარობაა. სწორედ მიწიერი და ზეციური ცხოვრების კავშირისა და ზეციური ნათლის გამომხატველია თეთრი წრე, რომელსაც ხშირად ვხვდებით ზაალ ბაჩანაშვილის ფერწერულ ტილოებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები