დავით სარაჯიშვილის მიერ პარიზში შეძენილი „მადონა ყრმით“ ხელოვნების სასახლეში პირველად გამოიფინება
18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, ხელოვნების სასახლეში დამთვალიერებლებისთვის პირველად გამოიფინება მურილიოს „მადონა ყრმით“, რომელიც დავით სარაჯიშვილს პარიზის აუქციონზე დიდ ფასად შეუძენია. ამის შესახებ ხელოვნების სასახლის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„ეს არის მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტილო, რომლის ავტორი გენიალური ესპანელი მხატვარი ბართოლომეო ესტებან მურილიოა (1617-1682), ნახატზე „მადონა ყრმითაა“ ასახული, ტილოს ორიგინალი კი რომში პალაცო ბარბერინიში – გალერეა კორსინიში ინახება.
ხელოვნების სასახლეში დაცული ნამუშევარი, ორიგინალის მიხედვით, XIX საუკუნეში შეიქმნა, ასეთივე ნახატი დაცულია მსოფლიოში სახელგათქმულ ვიქტორია და ალბერტის მუზეუმში (მარცხენა ფოტოზე), ის თავის დროზე გალერეა ბორგეზის კუთვნილება იყო.
საქართველოში დაცული ტილო (მარჯვენა მხარეს) ცნობილ ქართველ საზოგადო მოღვაწესა და მეცენატს დავით სარაჯიშვილს პარიზში აუქციონზე დიდ ფასად შეუძენია, თბილისში ჩამოტანის შემდეგ ნახატი დისთვის – მარიამისთვის უჩუქებია. მარიამი დავით ერისთავის მეუღლე იყო და ტილომ ასე დაიმკვიდრა ადგილი ერისთავების ოჯახში. ბოლოს ეს შესანიშნავი ნამუშევარი თქვენმა მონა-მორჩილმა დავით ერისთავის შთამომავლის, ქალბატონი მანანა ერისთავის ოჯახში ვნახე. აწ განსვენებული ქალბატონი დიდად ჰყვარობდა ამ ტილოს და მასთან საუკეთესო მოგონებები აკავშირებდა.
ქალბატონი მანანას გარდაცვალების შემდეგ საუცხოო ნამუშევრის უცხოეთში გატანის საკითხი არაერთხელ დადგა, თუმცა კულტურის სამინისტროს თანადგომამ და მინისტრის ინიციატივით შექმნილმა „სამუზეუმო კოლექციების შევსების“ სახელმწიფო პროგრამამ ნივთი საზღვარგარეთ გასხვისებისგან იხსნა და მან საბოლოო ადგილი ხელოვნების სასახლეში დაიმკვიდრა.
ნახატი სულ მალე, კერძოდ კი, მიმდინარე წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღეს, დამთვალიერებლისათვის პირველად გამოიფინება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.