„გამოყრილები. ლტოლვილები“ – რუსეთ-უკრაინის ომი და გოგი ჩაგელიშვილის ნახატი
ქართული ხელოვნების მუზეუმი აქვეყნებს გოგი ჩაგელიშვილის ნახატს – „გამოყრილები. ლტოლვილები“. ნახატი შესრულებულია 2010 წელს.
„ნამუშევარი წარმოადგენს ასამბლაჟს – კომბინაციას დამწვარი ხისგან და ფერწერულ ტილოსგან. მხატვრული გადაწყვეტა კარგად ავლენს ომის დეჰუმანიზაციის და ადამიანის დაუცველობის თემას. ქართულ ისტორიულ კონტექსტში პოლიტიკური წარსულის ამსახველი ეს ნამუშევარი, როგორც სისატიკის სიმბოლო, დღეს ეხმიანება რუსეთ-უკრაინის ომს.
პირობით ფონზე მსხდომარე ორი მოხუცი, მათი გამოფიტული მზერა და ქალის ძაძები ლაკონიურად ჰყვება ომის ამბავს. სევდიან განწყობას აძლიერებს ასამბლაჟის მასალა, მისი სამეტყველო ენა და ემოციური შტრიხები. დამწვარი ხის ნარჩენები პირდაპირ მიუთითებს ომის სტიქიურ სიავეზე. სათაურიც პირდაპირ ამბობს, რომ მხატვრის მიერ გამოსახული გმირები დევნილები არიან. მათ უბედურებას დამწვარი ხე, თითქოს მათივე სახლის ნაწილი გამოხატავს და ნახშირად ქცეული მასალა, მისი სიშავე მოხუცებულების ტრავმულ მეხსიერებას, გლოვას უსვამს ხაზს. ავტორი, იზოლირებული მოხუცი წყვილით, მათ სიმარტოვესა და, შესაძლოა, შვილების ომში დაკარგვაზე მიგვანიშნებს. ასამბლაჟის მთავარი გზავნილია დღეს ყველაზე აქტუალური ფრაზა: „არა ომს!” – აღნიშნულია ინფორმაციაში.
სურათზე: გოგი ჩაგელიშვილი. „გამოყრილები. ლტოლვილები“. 2010. მუყაოზე გადაკრული ტილო, ზეთი, დამწვარი ფიცარი.
ნამუშევარი დაცულია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში.