მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ იყვნენ მშვიდად და გვენდონ! მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია საკუთარი ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად საქართველოს აზიანებს.
“სწორედ დღეს არის ბეწვის ხიდი, როცა საქართველომ თავისი სიტყვა უნდა თქვას და, ამავდროულად, ქვეყანა და ხალხი დიდ კატასტროფას და უბედურებას, ომს უნდა ააშოროს. ამ ქვეყანამ ომი გამოცადა. ოკუპირებულ ქვეყანას ამუნათებენ სანქციებზე, რომელი სანქციებიც ამ ქვეყანას დააზიანებს უფრო და არა იმას, ვისაც შეიძლება სანქციები დავუწესოთ. ეს ძალიან კარგად იციან, მაგრამ მაინც ამუნათებენ. ამასაც კადრულობენ, ოღონდ თავისი ვიწროპარტიული პოლიტიკური ინტერესები დაიკმაყოფილონ. თეორიული შანსი აქვთ, იციან, არა პრაქტიკული, მაგრამ მაინც კადრულობენ. ეს არის სამწუხარო რეალობა და გვიჭირს იმ მოწოდების გაზიარება, რომ ერთიანები უნდა ვიყოთ. ჩვენ ერთიანები ვართ, ვიქნებით, მაგრამ მათი საქციელი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რაც სიტყვებით ყველა ქართველისთვის შეიძლება მისაღები იყოს. ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა! უკრაინას სჭირდება მშვიდობა, მათ ხალხს სჭირდება სოლიდარობა და ამ მშვიდობისთვის ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ იყვნენ მშვიდად და გვენდონ! მიუხედავად მცდელობებისა, ჩვენ არავის მივცემთ უფლებას, რომ ეს ქვეყანა გაწირული პაიკის როლში ჩააყენოს“, – განაცხადა მდინარაძემ.