ალუდა ღუდუშაური: პრეზიდენტი, პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა „ნაცმოძრაობის“ ე.წ. ტყუილების ქვეშ

ჩემთვის სამწუხაროა, როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი, პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ტყუილების ქვეშ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ დასავლეთში ვიზიტებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადება მართალია, ასეთ შემთხვევაში, საკითხი შესწავლას საჭიროებს.

„აბსოლუტურად წარმოუდგენელია მსგავსი რამ. პრეზიდენტისგან ბევრი დაუსაბუთებელი კრიტიკა და უარგუმენტო პოზიციონირება დავინახეთ. ჩემთვის სამწუხაროა, როგორც ჩანს, ქალბატონი პრეზიდენტი, პირდაპირ თუ ირიბად, რაღაცნაირად მოექცა „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. ტყუილების ქვეშ. ეს ფაქტია, მისი განცხადებები და მოყვანილი ფაქტები თუ მართლაც რეალობაა, ბუნებრივია, შესწავლას საჭიროებს. თუ პრეზიდენტს კონსტიტუცია აქვს დარღვეული, არავის აქვს უფლება, რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. ვისი საქმიანობაც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოვა, რა თქმა უნდა, ვერც პრეზიდენტი და ვერც ნებისმიერი პირი ვერ იქნება კონსტიტუციაზე მაღლა. მით უფრო მაშინ, როდესაც პრეზიდენტმა თვითონ ბრძანა, რომ კონსტიტუციის გარანტია. თუ ფაქტები მართლაც რეალობაა და მან პირდაპირ დაარღვია კონსტიტუცია, ასეთ შემთხვევაში, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა წლიურ მოხსენებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე წერილობით ეთქვა უარი. მისივე თქმით, შეხვედრები მან პირადი კონტაქტების მეშვეობით გამართა და სამუშაო შეხვედრები პირად შეხვედრებად აქცია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები