12 მარტს ზურაბ სოტკილავას 85 წელი შეუსრულდებოდა

12 მარტს ზურაბ სოტკილავას 85 წელი შეუსრულდებოდა.ხელოვნების სასახლე ამ თარიღთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.
„ზურაბ სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს, სოხუმში დაიბადა. მან დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და მომდევნო ცხრა წლის განმავლობაში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მოღვაწეობდა.
მომღერალმა 1966-1968 წლებში სტაჟირება გაიარა მილანის ლა – სკალაში. 1973 წელს, დონ ჟოზეს პარტიით, მისი დებიუტი შედგა მოსკოვის დიდ თეატრში, ხოლო ზუსტად ერთი წლის შემდეგ ზურაბ სოტკილავა ამავე თეატრის დასს შეუერთდა, როგორც სოლისტი. მაესტრო, პარალელურად, მოსკოვის კონსერვატორიაშიც ასწავლიდა. 1994 წელს იგი ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეობდა.
მომღერალი მრავალრიცხოვანი საპატიო ორდენის მფლობელი გახლდათ როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. აღსანიშნავია, რომ ზურაბ სოტკილავა ვერდის ნაწარმოებების ბრწყინვალე ინტერპრეტაციისთვის ბოლონიის მუსიკალური აკადემიის საპატიო წევრად იყო არჩეული“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები