აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის რეგიონში ე.წ. არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის რეგიონში მიმდინარე უკანონო ოკუპაციის, ეთნიკური წმენდისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას წარმოადგენს ე.წ. არჩევნების ჩატარება.
ე.წ. არჩევნები აგრეთვე წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს.
ხსენებულ ე.წ. არჩევნებს ვერანაირი სამართლებრივი შედეგები ვერ ექნება, რადგან აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა, ხოლო ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ნაწილი მუდმივი ძალადობისა და ზეწოლის ქვეშ იმყოფება, რადგან ეფექტური კონტროლი ხორციელდება საოკუპაციო ძალის მიერ.
აფხაზეთის მთავრობა მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და სთხოვს აღნიშნული ქმედება შეფასდეს სათანადოდ”, – ნათქვამია განცხადებაში.