გია ვოლსკი – პრაისისთვის დასმულ კითხვაზე: “ნაცმოძრაობას” დეზინფორმაციით სურს, ჩამოანგრიოს ქვეყანა

როდესაც განგებ ქმნი აზრს, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას არის უზნეობა, მავნებლობა და კონსპირაცია; როდესაც განგებ ქმნი აზრს, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის წინააღმდეგ გამოდის, ეს არის უზნეობის უმაღლესი დონე, გარდა ამისა არის უმაღლესი დონის მავნებლობა და კონსპირაცია, – ამის შესახებ “კვირას” პარლამენტის პირველმა ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ განუცხადა, რითაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერისთვის “მთავარის” ჟურნალისტის კითხვას გამოეხმაურა.

უმრავლესობის დეპუტატის თქმით, მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, არა მხოლოდ საქართველოს იმიჯს აზიანებს, არამედ ამან შესაძლოა, ჩვენი ქვეყანა გამოუსწორებელი შედეგების წინაშე დააყენოს.

“ბატონი პრაისის გაკვირვება არის ჯერ ძალიან უხერხული მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის. ვერც წარმოედგინა, რომ ასეთი მავნებლობა შეიძლება, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში, ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყნის წარმომადგენელმა, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის ჟურნალისტმა ისეთი შეკითხვა დასვას, რომელიც აბსოლუტურად კავშირში არ არის იმ რეალობასთან, რაც არის საქართველოში. ასეთი ტყუილის თქმა მხოლოდ ამ არხს თუ შეეძლო.
სულ ახლახან, იგივე “მთავარ არხზე” აჩვენებენ ზელენსკის და კითხულობენ სრულიად სხვა ტექსტს, რომელიც არის გონჩარენკოსი.
წარმოგიდგენიათ რა მასის ტყუილი გადის საქართველოში შექმნილ რეალურ ვითარებაზე და რა მდგომარეობაში არიან ის ადამიანები, რომლებიც ამას ისმენენ?! ვერც კი წარმოუდგენიათ ალბათ, რომ ამხელა მასშტაბის ტყუილი შეიძლება გავიდეს.
ჩვენს საზოგადოებაში რამდენი ახალგაზრდა იწამლება ამ დეზინფორმაციით. პოლიტიკურ გუნდს, [ნაციონალურ მოძრაობას] სურს გამოიყენოს თავისი საინფორმაციო რესურსი და საქართველოს შეუქმნას პრობლემები ერთის მხრივ უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, ისეთი დარტყმების ქვეშ დააყენოს საკუთარი ქვეყანა, რომელმაც შეიძლება საერთოდ ჩამოანგრიოს არსებული ვითარება, მათ შორის გამოიწვიოს ჩართვა საომარ პროცესებში.
ქვეყნის შიგნით აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა იყოს, რა დონეზე უნდა დაეცეს დემოკრატია რომ ეს არ იყოს, მაგრამ როდესაც განგებ ქმნი აზრს, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას და საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციის წინააღმდეგ გამოდის ეს არის უზნეობის უმაღლესი დონე, გარდა ამისა არის უმაღლესი დონის მავნებლობა და კონსპირაცია”, – განუცხადა “კვირას” ვოლსკიმ.

ცნობისთვის, “მთავარი არხის” ჟურნალისტმა, დემნა დევდარიანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერ ნედ პრაისს ჰკითხა, თუ როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევასა და რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებზე პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას, რომ ისინი არაეფექტურია. აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერმა კი უპასუხა, რომ ცოტაა ისეთი ქვეყანა, რომელმაც საქართველოზე კარგად იცის იმ შედეგების შესახებ, რაც რუსეთის აგრესიას მოჰყვება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები