ეს არის პროვოკაციული განცხადება და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მსგავს უტიფარ განცხადებებთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, – ასე შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადება.
ზალკალიანის თქმით, დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადება ცილისმწამებლური, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად უსაფუძვლოა.
„წარმოუდგენელ უტიფრობასთან გვაქვს საქმე, როდესაც შენს ქვეყანას ასეთ ცილისმწამებლურ, უპასუხისმგებლო და აბსოლუტურად უსაფუძვლო განცხადებებით ასეთ მდგომარეობაში აყენებ. ყველამ ძალიან კარგად იცის, რას აკეთებს საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარობის და არა მხოლოდ სოლიდარობის, პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული მხარდაჭერის კუთხით. მაშინ, როდესაც საქართველომ საკუთარ თავზე გამოცადა ოკუპაციის მძიმე შედეგები და დღემდე ვუმკლავდებით მცოცავ ანექსიას, ოკუპაციას. მაშინ, როდესაც თბილისიდან რამდენიმე კილომეტრში საოკუპაციო ჯარებია და ამ სიტუაციაში ქვეყანამ მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა გაერო-ს რეზოლუციის დასპონსორება ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, ევროპის საბჭოში რუსეთის ფედერაციის უფლებების შეჩერების მხარდაჭერა, საქართველო შეუერთდა ევროკავშირის სანქციებს დონბასსა და დონეცკთან მიმართებით, როდესაც საქართველო იყო 37 ქვეყანასთან ერთად, რომელმაც მხარი დაუჭირა საერთაშორისო სისხლის სასამართლოში გამოძიების დაწყებას, საქართველო 44 ქვეყანასთან ერთად მხარს უჭერს ეუთო-ში ე.წ. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. ამ ყველაფრის ფონზე, როგორ უნდა ბედავდეს, ვინც უნდა იყოს ის, მსგავსი განცხადების გაკეთებას. ეს არის პროვოკაციული განცხადება და კატეგორიულად მიუღებელია. ვფიქრობ, მსგავს უტიფარ განცხადებებთან დაკავშირებით მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა დადგეს“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ცნობისთვის, საუბარია ხატია დეკანოიძის მიერ უკრაინულ ტელეარხთან ინტერვიუში გაკეთებულ განცხადებაზე, რომელშიც მან თქვა: „სიმართლე გითხრათ, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იქნებოდნენ ადამიანები, რომლებიც ამ რთულ დროს, როდესაც უკრაინაში ადამიანები იღუპებიან და მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა პუტინისა და რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ ასეთ მკაცრ სანქციებს აწესებს, ქართველები, ანუ საქართველოს ხელისუფლება ეძებენ რაღაც შავ ხვრელებს, რომ დაეხმარონ პუტინს, შექმნას იარაღი, რათა შემდეგ მოკლას“.