ნიკოლოზ სამხარაძე: რეზოლუციაში ევროკავშირის მიმართ იქნება მოწოდება, რომ მათ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილონ საქართველოს განაცხადი
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებულ რეზოლუციაში ევროკავშირის მიმართ მოწოდება იქნება, რომ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილონ განაცხადი.
“რეზოლუციაში ევროკავშირის მიმართ მოწოდება იქნება, რომ მათ მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში განიხილონ ეს განაცხადი და საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ“, – განაცხადა სამხარაძემ.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციის პროექტს მხარი ოპოზიციურმა სპექტრმაც დაუჭიროს და პარლამენტმა ერთხმად მიიღოს რეზოლუცია.
„ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა, რომელიც ქართველი ხალხის წარმომადგენელია და რომელშიც არა მხოლოდ მმართველი პარტიაა წარმოდგენილი, არამედ ოპოზიციური სპექტრიც, ერთხმად მიიღოს ეს რეზოლუცია” , – განაცხადა სამხარაძემ.
შეგახსენებთ, პარლამენტი საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის განხილვას დღეს იწყებს. დოკუმენტი „ქართული ოცნების“ მიერ არის მომზადებული.