ლევან გოთუას ნათელი ხსოვნა – 10 მარტი მწერლის დაბადების დღეა

10 მარტი მწერალ ლევან გოთუას დაბადების დღეა. მას 117 წელი შეუსრულდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ლევან გოთუას საზოგადოების თავმჯდომარე, ჟურნალისტი ივანე ჯაფარიძე ფეისბუქის გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
„10 მარტი დიდი ქართველი მწერლის, დრამატურგის, მთამსვლელის, ქართულ ძეგლებზე მზრუნველი დიდი მოღვაწისა და სამაგალითო მამულიშვილის, სამშობლოს სიყვარულისთვის კატორღებსა და საკონცენტრაციო ბანაკებში ნაწამები, სიკვდილმისჯილთა საკანში არაერთხელ ჩაბორკილი გმირი ქართველის ლევან გოთუას დაბადების დღეა.
2005 წლის 15 დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც პატრიარქის გადაწყვეტილებითა და ლოცვა–კურთხევით, დიდი მწერლის დაბადების 100 წლისთავზე, მისი ნეშტი არმაზიდან, საკუთარი სახლის ეზოდან, სამთავროს ტაძრის წმინდა მიწაზე გადმოვასვენეთ, ყოველ წელს ვიკრიბებით ბატონი ლევანის საფლავთან და მუხლს ვიყრით მისი ნათელი ხსოვნის წინაშე.
2006 წლიდან, ამ დღეს, ჩვენთან ერთად იკრიბებიან ახალგაზრდები, სკოლის მოსწავლეები, სტუდენტები, მწერლის ნიჭისა და შემოქმედების თაყვანისმცემლები, რომელთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. აქვე ჯილდოვდებიან ლევან გოთუას „გმირთა ვარამის” მცოდნეთა კონკურსში გამარჯვებული საქართველოს სხვადასხვა ქალაქისა თუ სოფლის სკოლის მოსწავლეები.
ამ არაჩვეულებრივი კონკურსის დამფუძნებელია რუსთავის მე–2 საჯარო სკოლის დირექტორი, არაჩვეულებრივი აღმზრდელი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, დიდებული ქალბატონი ლალი ნაზღაიძე–ერქომაიშვილი, ვისმა თავდადებულმა შრომამ და ეროვნულმა სულისკვეთებამ სასიკეთო ნაყოფი გამოიღო, მრავალი სკოლა დააინტერესა და ჩააბა ამ უნიკალურ კონკურსში. ხვალ, ბავშვების დაჯილდოებასთან ერთად, დიპლომები გადაეცემათ პატრიარქის ჩოხოსანთა საზოგადოების საპატიო წევრებს, ჩატარდება მწერლის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და მოვიგონებთ ყველასთვის საყვარელ მწერალს, ჭეშმარიტ რაინდს – ლევან გოთუას. სამწუხაროდ, თანდათან იკლებს იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც შეხვედრია და პირადად იცნობდა ბატონ ლევანს“, – წერს ივანე ჯაფარიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები