უკრაინაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად, სანდრო გეგეჭკორი ესპანეთში კონცერტს გამართავს
ქართველი პიანისტი, არაერთი საერთაშორისო კონკურსისა და ფესტივალის ლაურეატი, მათ შორის, პიანისტთა 66-ე საერთაშორისო კონკურსის – „მარია კანალს ბარსელონას“ გამარჯვებული, სანდრო გეგეჭკორი 11 მარტს ესპანეთის ქალაქ პოზობლანკოში სოლო კონცერტს გამართავს, რომელიც უკრაინაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიეძღვნება. ეს ამბავი მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
„დღეს მადრიდში მივფრინავ, 11 მარტს სოლო კონცერტი მაქვს პოზობლანკოში, Teatre el Silo-ს აუდიტორიაში.
ეს ძალიან მცირედია, რაც შემიძლია, თუმცა ყველამ რომ რაღაც მცირედი გავაკეთოთ, ერთ უზარმაზარ იდეას შევქმნით, იდეებს კი სამყაროს შეცვლა შეუძლიათ!
მოკლედ – კონცერტი მიეძღვნება უკრაინაში გმირულად დაღუპული ადამიანების ხსოვნას!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს“ – წერს სანდრო გეგეჭკორი.
კონცერტი ესპანეთის სამეფოში, „Ricardo Delgado Vizcaino”-ს ფონდისა და კორდობის მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართება.