საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „საქართველოს მთავრობასა და ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შესახებ” სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა.
პარლამენტის ინფორმაციით, სამგზავრო და სატვირთო გადაზიდვების მოცულობის გაზრდისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით საქართველოს და ტაჯიკეთის რესპუბლიკას შორის დადებული შეთანხმება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გურამ გურამიშვილმა გააცნო.
შეთანხმებით განსაზღვრულია სატვირთო გადაზიდვების განხორციელება ორმხრივ და სატრანზიტო მიმოსვლაში, ასევე მესამე ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიასა და ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფო ტერიტორიას შორის და უკუმიმართულებით. შეთანხმების პროექტი ასევე ითვალისწინებს მგზავრთა რეგულარული გადაყვანის და არარეგულარული გადაყვანის განხორციელებას ნებართვების საფუძველზე. შეთანხმებით გათვალისწინებულია საავტომობილო გადაყვანა/გადაზიდვასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების დარეგულირებაც.