ზახაროვა ადასტურებს, რომ ლავროვსა და კულებას შორის შეხვედრა ანტალიაში 10 მარტს იგეგმება
სერგეი ლავროვსა და დმიტრო კულებას შორის შეხვედრა ანტალიაში 10 მარტს იგეგმება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
მისი თქმით, სერგეი ლავროვი დღეს გაემგზავრება თურქეთის ქალაქ ანტალიაში საერთაშორისო დიპლომატიურ ფორუმზე, სადაც დაგეგმილია მისი კონტაქტი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან.
“შეხვედრა ხვალ შედგება. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინული მხარე თანახმაა შეხვედრაზე, ის შედგება. თურქეთმა ორგანიზება გაუკეთა მთელ ამ ღონისძიებას, რომლის ფორმატშიც მოხდება კონტაქტი. რუსული მხარე ემზადება მოლაპარაკებებისთვის, თუმცა, წინასწარ შედეგებზე საუბარი ნაადრევია”, – თქვა მარია ზახაროვამ.
რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ინიციატორი თურქეთია.