მსოფლიო ბანკი: უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფაა
მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა, რომ უკრაინის ომი მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფას წარმოადგენს, რომელიც გლობალურ ეკონომიკურ ზრდას შეამცირებს.
მალპასმა აღნიშნა, რომ ომის ეკონომიკური გავლენა უკრაინის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება და გლობალური ენერგეტიკული ფასების ზრდა ყველაზე მეტად საზოგადოების ღარიბ ფენებს დააზარალებთ.
მისი თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, უკვე გაიზარდა სურსათის ფასები, განსაკუთრებით კი – ღარიბ ქვეყნებში.
S&P Global Platts-ის მონაცემებით, როგორც რუსეთი, ასევე უკრაინა საკვების ერთ-ერთი მთავარი მწარმოებლები არიან. უკრაინა მსოფლიოში მზესუმზირას ზეთის უმსხვილესი მწარმოებელია, რუსეთი კი მეორე ადგილზეა. ისინი ერთად ზეთის 60%-ს აწარმოებენ.
JP Morgan-ის თანახმად, ამ ორ ქვეყანაზე მოდის ხორბლის გლობალური ექსპორტის თითქმის მესამედი. ჩიკაგოს ფიუჩერსების ბირჟაზე ხორბლის ფასი უკვე 14 წლის მაქსიმუმზეა.
იგივე ეხება რუსეთის ენერგომომარაგებას. მათი შემცირება განსაკუთრებით საშიშია დასავლეთ ევროპისთვის, სადაც მთავრობებს არ აქვთ მომზადებული საკმარისი ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროები.
მალპასი ასევე მიიჩნევს, რომ ომი მნიშვნელოვნად აისახება უკრაინის ეკონომიკაზე, რაც ბოლო წლების ეკონომიკურ წარმატებებს წყალში ყრის. მსოფლიო ბანკი უკრაინისთვის 350 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარების პაკეტს მალე დაამტკიცებს.