ირაკლი კობახიძე: დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს
ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციამ საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეების ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის კამპანია წამოიწყო. ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოში მცხოვრები რუსი ეროვნების მოქალაქეების მსგავსად, რუსეთშიც ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში მყოფი რუსების მიმართ დისკრიმინაციული მიდგომა 100 ათასობით ქართველს უშუალო საფრთხეს უქმნის.
“აქვე გვინდა შეგახსენოთ, რომ რუსეთში ცხოვრობს 800 ათასამდე ქართველი, ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს 10 ათასობით ქართველი, რომელთა დიდი ნაწილი საქართველოს მოქალაქეა. ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ დისკრიმინაციული მიდგომა საქართველოში მყოფი რუსი ეროვნების მოქალაქეების მიმართ 100 ათასობით ქართველს უქმნის უშუალო საფრთხეს. თუმცა, კამპანიის ავტორები ამ ფაქტსაც არაფრად აგდებენ და მეტიც, გამორიცხული არაა, ამ პრობლემის შექმნა მათი განზრახვის შემადგენელი ნაწილიც იყოს.
საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
საქართველო ღიაა ნებისმიერი ადამიანისთვის, ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა და პასუხისმგებელია მათ მიმართ არადისკრიმინაციული მოდგომის უზრუნველყოფასა და მათი უსაფრთხოების დაცვაზე. საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს ამ პასუხისმგებლობის შესაბამისად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.