შალვა პაპუაშვილი: გამოითქვა აზრი, რომ პრეზიდენტის მოხსენების წარმოდგენა შემდგომ სასესიო კვირაში მოხდეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენებით წარდგომასთან დაკავშირებით ბიუროზე მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.
„იყო დისკუსია და, საბოლოოდ, პარლამენტის პლენარული სხდომის ჩანიშვნას ბიურომ მხარი არ დაუჭირა. საბოლოოდ, ბიუროზე სხდომის ჩანიშვნის მომხრე არავინ იყო.
როგორც იცით, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება თებერვალში, პირველივე პლენარულ სხდომაზე იმართება. თუმცა, რაც შეეხება თავად თარიღს, კანონმდებლობის შესაბამისად, ეს პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციის შედეგად უნდა განისაზღვროს. პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში სურვილი გამოთქვა, რომ ეს თარიღი 5 მარტი ყოფილიყო, პარლამენტის ბიურო არ დაეთანხმა. გამოითქვა აზრი, რომ შემდგომ სასესიო კვირაში მოხდეს პრეზიდენტის მოხსენების წარმოდგენა. ეს გახლავთ პარლამენტის მხრიდან შეთავაზება. შემდეგი პლენარული სასესიო კვირა გვაქვს 14 მარტის კვირაში. პირველი სხდომა არის 15 მარტი და, როგორც ვხვდები, ეს არის შეთავაზება. შესაბამისად, კარგი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის მოსმენა და, ზოგადად, კონსულტაციის გამართვა ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა პაპუაშვილმა.