დღეიდან თბილისში უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შტაბები გაიხსნება
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან უკრაინელი მოქალაქეების მხარდასაჭერად ჰუმანიტარული დახმარების შტაბები გაიხსნება.
მისივე თქმით, ლოჯისტიკური ცენტრი ბელიაშვილის 5 ნომერში დღეიდან ამუშავდება, სადაც ჰუმანიტარული ტვირთის მიტანა ადგილზე როგორც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, ასევე, მოქალაქეებსაც შეეძლებათ.
ასევე, დღეიდან ამოქმედდება მერიის მიერ შექმნილი სპეციალური ერთიანი სახაზინო ანგარიშიც, რომელზეც თანხის ჩარიცხვის შესაძლებლობა ნებისმიერ პირს ექნება.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისი ასევე მზადაა, მიიღოს უკრაინელი მოქალაქეებიც.