მიხეილ სარჯველაძე: ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა შეიძლება, პრეზიდენტს მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა
“პოზიციები არასდროს ყოფილა საზიარო და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა შეიძლება, პრეზიდენტს მმართველი პარტიისგან განსხვავებული პოზიცია ჰქონოდა. დაპირისპირებას და ოპოზიციაში გადასვლას არ აქვს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტის ანგარიშის მოსმენა შესაძლოა, 5 მარტს ჩატარდეს. თუმცა, მისივე განმარტებით, შესაძლოა, თარიღი შეიცვალოს.
„მაქვს მოლოდინი, რომ პრეზიდენტი შეაფასებს ცალკეულ საკითხებს, რომელიც ყველაზე აქტუალურია და რელევანტურია დროის, პოზიცია და ხედვა როგორი ექნება, ამ საკითხებზე ამ პროგნოზირების გაკეთება მე არ შემიძლია. იმაში, რომ პრეზიდენტი ემიჯნება “ქართული ოცნების” გუნდის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს, ამაში არ დაგეთანხმებით. მისი განცხადება, სხვანაირად ვიტყოდიო (სანქციებთან დაკავშირებით პრემიერის განცხადების კომენტირებისას) იმას ნიშნავს, რომ გაემიჯნა?! პოზიციები არასდროს ყოფილა საზიარო და ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა შეიძლება, პრეზიდენტს ჰქონოდა განსხვავებული პოზიცია მმართველი პარტიისგან. ასე პოზიციურად გამიჯვნას, დაპირისპირებას და ოპოზიციაში გადასვლას არ აქვს ადგილი პრეზიდენტის მხრიდან. რასაკვირველია, ეს არის ბიუროს კომპეტენცია, განსაზღვროს თარიღი, როდის შედგება მისი ანგარიშის მოსმენა, ეს საკითხი დაისმება ბიუროზე და ბიურო გადაწყვეტს ამ საკითხს. იყო თუ არა თარიღი შეთანხმებული, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუ ეს შეთანხმებული იყო, ბიურო ამას მხედველობაში მიიღებს, გამორიცხული არ არის 5 მარტს ჩატარდეს სხდომა, სადაც პრეზიდენტს მოვუსმენთ, თუმცა, სავალდებულო ეს ნამდვილად არ არის. ვიმსჯელებთ ამაზე”, – განაცხადა სარჯველაძემ.