მიხეილ ყაველაშვილი: ძალიან კარგია, რომ ახალგაზრდები სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელებს, მაგრამ აუცილებელია, ხელისუფლების გონიერ პოლიტიკას შეგნებით მოეკიდონ
ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ძალიან კარგია, რომ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, მაგრამ აუცილებელია, რომ იმ გონიერ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ ყველა ერთად ვატარებთ, შეგნებით მოეკიდონ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა გუშინ გამართულ აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ახალგაზრდების მშვიდობიან პროტესტს ოპოზიცია საკუთარი მიზნებისთვის იყენებს ხოლმე.
“ასეთი გამოცდილება უკვე გვაქვს, იგივე 20 ივნისის ამბები, სადაც ასევე გულწრფელმა ახალგაზრდებმა პროტესტი გამოხატეს საკუთარი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით, მაგრამ მერე გადაიზარდა ამ მავნებელი პოლიტიკოსების მხრიდან პოლიტიკურ მოტივად, რომ როგორმე ხელისუფლება შეიცვალოს. არაფრის გამკეთებელი და მაქნისი ზურაბ ჯაფარიძე არ არის. ყველამ კარგად იცის, რასაც წარმოადგენს. ძალიან კარგი ახალგაზრდები გვყავს, ძალიან კარგია, რომ სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს, მაგრამ აუცილებელია, რომ ის გონიერი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება, ჩვენ ყველა ერთად ვატარებთ, აუცილებელია, რომ შეგნებით მოეკიდონ“, – განაცხადა ყაველაშვილმა.