ლევან ხაბეიშვილი – უმრავლესობას: რუსეთის და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი? ნუთუ არ გრცხვენიათ?
„რუსეთის და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი? ნუთუ არ გრცხვენიათ?”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.
დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის მიერ ელჩის საქართველოდან გაწვევას გამოეხმაურა.
„ომში მყოფმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ შემოგითვალათ, რომ „ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს მაგრად „შეეწერა”, ჩვენდა სამწუხაროდ. ეს არის სრული კატასტროფა, რაც ახლა ხდება და ეს ინფორმაცია არის დადასტურებული, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ გაიწვია ელჩი.
მითხარით, უმრავლესობის წევრები მგზნებარედ რომ გამოდიოდნენ, მათ შორის, 2008 წლის ომზე რომ საუბრობდნენ, რუსეთის და ბელარუსის გარდა, კიდევ საიდან გაიწვია ომში მყოფმა უკრაინამ ელჩი? ნუთუ არ გრცხვენიათ? ამ სამარცხვინო ღარიბაშვილს როგორ ეფარებით, საერთოდ? ან იმის ნაცვლად, რომ დღეს თქვენც დაგეგმოთ თქვენი პრემიერ-მინისტრის განცხადებები, გადაფარვა სცადეთ – აქეთ მდინარაძემ გარჩევა მოაწყო, იქით გინებითაა დაკავებული ყაველაშვილი. ამ დროს იბომბება უკრაინა და ნაცვლად იმისა, რომ თქვენც ფეხზე იდგეთ და მთელ მსოფლიოს ეუბნებოდეთ, რომ პუტინი არის აგრესორი და მკვლელი, რომ პუტინს მიზეზები არ სჭირდება რომელიმე ქვეყანაში შესასვლელად და არც რომელიმე ლიდერი არ სჭირდება იმისთვის, რომ შევიდეს იმ ქვეყანაში. ნუთუ მართლა ვინმეს გგონიათ, რომ საქმე გამსახურდიაში, შევარდნაძეში, სააკაშვილში ან ივანიშვილშია, ან თუნდაც, ზელენსკი-პოროშენკოში.
საქმე არის პუტინში და საქმე არის რუსეთში და საქმე ისაა, რომ ჩვენ ჩუმად ვიქნებით, თუ ცოცხებს ავიფარებთ, თქვენმა აქტივისტებმა და ლიდერებმა რომ იციან, აი ეგრე გაქვთ ზუსტად ცოცხები აფარებული, რომ თითქოს, თქვენ არაფერ შუაში არ ხართ. რომ თითქოს ომი არ მიმდინარეობს. ჩვენთან 2008 წლიდან კი არა, მანამდეც ომი იყო, ახლაც ომია და საქართველოს ოკუპაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს, ყოველდღიურად ჩვენს დებს და ძმებს აწიოკებენ. ან გგონიათ, რომ იმ რაკეტებს, რომელსაც უმიზნებენ უკრაინელ ბავშვებს, ჩვენს შვილებს არ უმიზნებენ? თუ გგონიათ, როცა კლავენ უკრაინელებს, რომ არ გვიკლავენ ჩვენს ძმებს და თქვენ გგონიათ, აი ახლა, მოდით, ჩირგვებში დავსხდეთ და მერე რა? თქვენ მართლა გგონიათ, რომ ვინმეს მიზეზი უნდა აქ შემოსაჭრელად? არანაირი მიზეზი არ უნდა პუტინს, აქ რომ შემოვიდეს. და როცა დავრჩებით მარტო, ცივილიზებული სამყაროსგან გარიყულები, აი მერე მართლა „დაგვერხევა”, თქვენსავე ენაზე რომ გითხრათ. ახლა უნდა ვიდგეთ ცივილიზებული მსოფლიოს გვერდით, უკრაინის გვერდით, სოლიდარობას უნდა ვუცხადებდეთ. რა დროს აქ კამათია”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.