ლევან იოსელიანი: სოლიდარობა უკრაინელ ხალხს
„სოლიდარობა მინდა, გამოვუხატო უკრაინელ ხალხს და ვუსურვო გამძლეობა, ვუსურვო წარმატება და იმ დიდი ბოროტების დამარცხება, რაც ებრძვის არა მარტო უკრაინას, არამედ ებრძვის ცივილიზებულ სამყაროს”, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების” წარმომადგენელმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ დღეების განმავლობაში გამოვიდა ქუჩაში და აჩვენა უპრეცედენტო სოლიდარობა უკრაინის მიმართ.
„მათ ამით მთელი საზოგადოების სახე დაანახა ჩვენს მოძმე უკრაინელებს, რომ ქართველი ხალხი დგას მათ გვერდზე. მე მინდა, ამ ადამიანებს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ ტრიბუნიდან”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.
„მოქალაქეების” ლიდერმა კოლეგებს ასევე ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა და ის საფრთხეები შეახსენა, რის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა.
„ხანდახან უნდა დავფიქრდეთ უახლეს ისტორიაზე მაინც, რომლის გამო ჩვენ ერთხელ უკვე დავკარგეთ სახელმწიფოებრიობა. პირველი რესპუბლიკის დაღუპვაში მარტო მეთერთმეტე არმიას არ მიუძღვის ბრალი, ბრალი ჩვენც მიგვიძღვის – იმ პოლიტიკურ კლასს, რომელიც მაშინ ვერ შეთანხმდა და რომლის გამოც ქართული სახელმწიფო იყო ძალიან სუსტი. სამაჩაბლოს და აფხაზეთის დაკარგვაში ჩვენც მიგვიძღვის ბრალი იმიტომ, რომ ჩვენ აქ ვანგრევდით ჩვენს ქვეყანას და არავის გვეცალა სამაჩაბლოსა და აფხაზეთისთვის, ამიტომ ისტორია კიდევ დაგვსჯის თუ გავაგრძელებთ იმას, რაც ამ დარბაზში ხდება. დღეს ყველა ვგრძნობთ, რომ იხსნება ახალი შესაძლებლობების ფანჯარა საქართველოსთვის და უკრაინამ ამ მიმართულებით უკვე გადაგა ნაბიჯები.
რას ვშვრებით ჩვენ? ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა ჩანს უკრაინისთვის და სად ვართ ჩვენ? თუ ვინმე იმსახურებს, ჩვენ ამას ნამდვილად ვიმსახურებთ, ყველას წვლილია ამაში შეტანილი, ჩვენ 30 წლის მანძილზე რაც მართლა გავაკეთეთ, გავაკეთეთ ის, რომ ჯიუტად ვიმოძრავეთ დასავლეთისკენ. და ეს ისტორიული შესაძლებლობა, ეს ფანჯარა თუ გაიხსნა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეს ძალიან ნათელი პასუხი, რას აკეთებს საქართველო და არის თუ არა იმ დღის წესრიგის მონაწილე, სადაც არის დღეს უკრაინა”, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.