რომან გოცირიძე – „დღევანდელი გადაწყვეტილებით, რაც დღეს უკრაინიდან მოვისმინეთ, ღარიბაშვილს არ აქვს მორალური უფლება, საქართველოს მთავრობის მეთაური იყოს”
„ნაციონალური მოძრაობის” წევრი, რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის პოზიცია რუსეთის მისამართით სანქციების არ დაწესების თაობაზე არასწორია.
„მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო ციტატით და თუ გამოიცნობთ, ვინ თქვა ეს: „უკრაინაში ომის შემჩერებელი დღეს არავინ არის და ვთქვათ პირდაპირ, რომ სანქციები არ არის ეფექტური საშუალება”. ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი იტყოდა, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის, ან ლავროვს, ან პუტინს, ან ბელარუსიის პრეზიდენტს.
სინამდვილეში ეს არის თქვენი პოზიცია, ეს არის საქართველოს მთავრობის პოზიცია, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მიერ თქვენდამი გასახმოვანებლად დავალებული პოზიცია. რას ნიშნავს უკრაინაში ომს ვერავინ შეაჩერებს? ანუ კაპიტულანტური პოზიცია დაიჭიროს მთელმა მსოფლიომ და ევროპამ? რას ნიშნავს, რომ სანქციები არაფერი არ არის? მთელი მსოფლიო საკუთარ თავს იზარალებს, მარტო ფრენებში მილიარდობით ზარალი იქნება, მაგრამ ეს არის ფასი მშვიდობისა და დემოკრატიისათვის გადახდილი, რასაც ის ქვეყნები აკეთებენ, რომელმაც სანქცია დაუწესა რუსეთს. დამთავრდა რუსეთი! კეთროვანი გარიყული სახელმწიფოა, ხელს არავინ ართმევს. თქვენ ხელსაც ართმევთ და ეხუტებით. არავინ ეთამაშება სპორტში, არც ჭადრაკს, არც ფეხბურთს, არც ჰოკეის მათ საყვარელ თამაშს. გააგდეს ყველა შესაძლო ინსტიტუტებიდან. პუტინის მომხრეებს დირიჟორობის უფლება ჩამოართვეს ევროპაში, ხალხს აგდებენ თეატრებიდან. რუსეთი ხდება იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი სახელმწიფო, ჩვენთვის არის ერთადერთი მისაღები. რატომ გაიწვია უკრაინამ საქართველოდან ელჩი? ეს ხომ წარმოუდგენელი რამ ხდება. ქვეყანა, რომელსაც გვინდა ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დაჩქარება, ამ ექსტრემალურ ვითარებაში მყოფი პრეზიდენტი ორი ქვეყნიდან იწვევს ელჩს და რა ფორმულირებით? ყირგიზეთის პრეზიდენტმა დაურეკა პუტინს და თანაგრძნობა გამოუცხადა და საქართველომ დაბლოკა ყველა საშუალება უკრაინასთან კონტაქტისა. თვითმფრინავებს არ უშვებს და ემბარგო გამოუცხადა, ფაქტობრივად, სანქცია დაუწესა უკრაინას ფრენებში და არა – რუსეთს.
მისი ფორმულირება იყო საქართველოს ხელისუფლების ამორალური პოზიციისა სანქციებთან დაკავშირებით, ამაზე მეტი თავსლაფდასხმა რა გინდათ. ვიცი თქვენს გულში რა ტრიალებს, თუ კი რაიმე წესიერების ნატამალი დაგრჩათ, ეს ხომ წარმოუდგენელია. ამორალური გიწოდათ მთელ ხელისუფლებას. რაც შეეხება ანტივაქსერ პრემიერ მინისტრს, ყველა მისი გამონათქვამი არის ანტი სახელმწიფოებრივი და ანტი ეროვნული. ბრალი მიუძღვის ათასობით ადამიანის სიკვდილში, ვინაიდან ხალხმა შეწყვიტა აცრა. მან ასევე განაცხადა, როგორც სანქციები არ მუშაობს, ასევე თქვა აზრი არ აქვს ბუსტერი არ მუშაობს. კი მაგრამ თუ ბუსტერი არ მუშაობს და ბუსტერს აზრი არ აქვს, მაშინ 100 ლარს რატომ უმატებთ ბუსტერის გაკეთებაზე? 20 მილიონი ლარი რომ დაიხარჯა წინა ბიუჯეტში და უკვე 2 მილიონი დაიხარჯა მარტო 25 დღეში, თუ ბუსტერი უაზრობაა ფულს რატომ ვფლანგავთ? და თუ ბუსტერი აზრიანია, მაშინ ეს უაზრო პრემიერი რატომ გიზით ხელმძღვანელად.
ამიტომ დღევანდელი უკვე ბოლო გადაწყვეტილებით, რაც უკრაინიდან მოვისმინეთ, არ აქვს არანაირი მორალური უფლება ღარიბაშვილს, რომ იყოს საქართველოს მთავრობის მეთაური, ის დაუყოვნებლივ უნდა გადადგეს. რაც შეეხება ბუსტერის თემას, ბუსტერი გჭირდებათ თქვენ თანაც ორი ბუსტერი, ორი ნემსი უნდა გაგიკეთოთ, ერთი პატრიოტული და მეორე ანტი რუსული, მაგრამ სამწუხაროდ დღეს არავის გამოუგონებია ასეთი რამ, ამიტომ, ქართველი ხალხი გამოგიტანთ თქვენ განაჩენს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.