ხათუნა სამნიძე: არცერთ მოქალაქეს არ უნდა ომი, მაგრამ უნდა ჩვენი პარტნიორის, ჩვენი მეგობრის მხარდაჭერა

„სულ რამდენიმე წუთის წინ უკრაინის ელჩი გაიწვიეს კონსულტაციებისთვის იმიტომ, რომ თქვენმა პრემიერმა გააკეთა პრორუსული განცხადებები. თქვენმა პრემიერმა მოხალისეებს გზა ჩაუკეტა და ამაზე განმარტებაც არ გააკეთა”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციის თხოვნის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა უარი თქვა საკომიტეტო მოსმენებისა და პლენარული სხდომის გამართვაზე. „ექვსი დღის მანძილზე თითქმის ყოველ დღე, მთელი ოპოზიცია გთხოვდათ, ხან გემუდარებოდით, რომ საკომიტეტო მოსმენები გაგვემართა, სხდომა ყოფილიყო, რეზოლუციამდე მივედით, მაგრამ რუსეთი არ ჩაწერეთ. არცერთი ნაბიჯი არ გადადგით. მე წარმომიდგენია რა დღეში ხართ, როდესაც გიჭირთ, გინებამდე მიდიხართ, რუსეთუმეებს ნუ გვეძახითო და ამ დროს თქვენი პრემიერი ღიად, პირდაპირ ამბობს ომს ვერავინ ვერ დაამთავრებს, სანქციები არ მუშაობსო. სხდომაზე გადაწვა სავარძელში და მე არაფერს არ გავაკეთებო. ომი იქ არისო და მე აქ ჩემი საქმე მაქვსო. ასეთ დღეში ჩააგდო ამ ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყანა.

არცერთ მოქალაქეს არ უნდა ომი, მაგრამ უნდა ჩვენი პარტნიორის, ჩვენი მეგობრის სოლიდარობა, მხარდაჭერა, წელგამართული საუბარი იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანა დგას უკრაინის გვერდით. ცივილიზებული სამყაროს გვერდით, სადაც ყველა ერთად დგას და კონკრეტული ნაბიჯებით ეხმარება უკრაინას. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ქვეყანას ასეთი ხელისუფლება ჰყავს”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები