გიორგი ხოჯევანიშვილი – „საქართველო დღეს ირჩევს ან დასავლეთს და ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს ან მივექანებით ახალ საბჭოთა კავშირში”
„წარმოუდგენლად დიდია უკრაინელი ხალხის თავდადება და სულისკვეთება თავისუფლებისთვის ბრძოლაში. მთელი ცივილიზებული სამყარო ნათლად და მკაფიოდ აღიქვამს ომის სიმძაფრეს და აანალიზებს, რომ ეს არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მთელი ევროპის თავისუფლებისთვის ბრძოლაა, მათ შორის, საქართველოსთვისაც. ჩვენ მომსწრე ვართ რუსეთის აგრესიაზე მსოფლიოს მხრიდან უპრეცენდენტო რეაქციისა. ვხედავთ რამდენად მძიმეა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები. თუმცა, პარალელურად საქართველოს ხელისუფლება იკავებს პოზიციას, რომელიც აზიანებს ჩვენ ეროვნულ ინტერესებს საერთაშორისო ასპარეზზე. ვფიქრობთ რომ „ქართულ ოცნებას” ავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი – ის რომ რუსული აგრესიის მსხვერპლი პირველად სწორედ ჩვენ ვიყავით და მმართველი გუნდის მხრიდან პრაგმატულობას მოკლებული განცხადებით, კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება ცივილიზებულ და დასავლურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე”, – ამის შესახებ გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლებისგან ახლა მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ევროპამ თავის ოჯახში მიგვიღოს. „უნდა მივმართოთ ევროკავშირს საქართველოს დაჩქარებული წესებით მიღებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც აუცილებლად გამოსაყენებელია. საქართველო დღეს ირჩევს ან დასავლეთს და ჩვენი შვილების წარმატებულ მომავალს ან მივექანებით ახალ საბჭოთა კავშირში. ამიტომ დროა გამოვფხიზლდეთ და საქართველოს ეროვნული ინტერესები ყველა პარტიულ ინტერესებზე მაღლა დავაყენოთ.
ქართველი ხალხი არ დაუშვებს საქართველოს წარსულში დაბრუნებას და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველო ერთხელ მაინც შეძლებს ნანგრევებში მოყოლის ნაცვლად შესაძლებლობების ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოყენებას”, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.