პარლამენტში, ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის განსაზღვრაზე მიმდინარეობს მუშაობა
სპორტისა და ახალგაზრდულ კომიტეტის სხდომა, რომელიც „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის ანალიზის“ კვლევის პრეზენტაციას დაეთმო, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო.
„მთელი მსოფლიო ჩართულია იმ პროცესებში, რომ როგორმე შეჩერდეს ის კატასტროფა, რომელიც უკრაინაში ხდება. ჩვენ ყველანი სოლიდარულები ვართ ჩვენი მეგობარი ქვეყნის და ადამიანების. აუცილებელია, რომ როგორმე შეჩერდეს უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები. სამწუხაროა, რომ ბავშვები და მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცება და ჩვენი სურვილია, რომ ყველას ძალისხმევით შეჩერდეს ის კატასტროფული მდგომარეობა, რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს. შეძლებისდაგვარად მაქსიმალური უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ჩვენ უკრაინელ მეგობრებს და ამისთვის აღმასრულებელი ხელისუფლება ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის სხდომაზე მკვლევარმა, ანატოლი კორეპანოვმა, კომიტეტის წევრებს საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის შესახებ ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია წარმოადგინა და იმ მიგნებებზე ისაუბრა, რომლებიც კვლევის პროცესში თემასთან დაკავშირებით გამოვლინდა. მისი განცხადებით, კვლევა ოთხი ძირითადი თავისგან შედგება, კერძოდ:
• სპორტის როლი საზოგადოების მდგრად განვითარებაში;
• სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკა საქართველოში;
• სპორტული ობიექტების დაგეგმვა, დაპროექტება და მშენებლობა;
• სპორტული ობიექტების საქმიანობის ასპექტები.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, წარმოდგენილი კვლევის საფუძველზე მომზადდება სამოქმედო გეგმა და შესაბამისი კონცეფცია, რათა განისაზღვროს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პოლიტიკა. მიხეილ ყაველაშვილის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ობიექტების აშენების დაწყებამდე ჩატარდეს კვლევა და ანალიზი თუ რას და როგორ ავაშენებთ, რამდენი ადამიანი ისარგებლებს აღნიშნული ინფრასტრუქტურით და რა სარგებელს მოიტანს ეს სპორტული ობიექტი. მისივე განცხადებით, კვლევის შედეგები საზოგადოების ფართო სპექტრს წარედგინება და დაინტერესებულ მხარეებთან დოკუმენტის განხილვა მოხდება. მიხეილ ყაველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ კვლევაში გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე მომზადდება საკანონმდებლო ცვლილებები და სფეროს განვითარების პოლიტიკა განისაზღვრება.
სხდომაზე კომიტეტის წევრებმა კვლევასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და ყურადღება გაამახვილეს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სწორედ დაგეგმვაზე, რომელიც მათი განცხადებით როგორც რეგიონებში, ასევე დედაქალაქში მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება გათვლილი.
სხდომის დასასრულს, კვლევის ავტორმა, კომიტეტის წევრებს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის მომზადებული რეკომენდაციები გააცნო.