პარლამენტი, ნინო წილოსანის ინიციატივით, თეთრიწყაროსთვის თანამედროვე აგრორეგიონის საპილოტე პროექტზე მუშაობს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბართან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში თანამედროვე აგრო რეგიონის საპილოტე პროექტის კვლევის პირველადი შედეგები და კონცეფცია წარადგინა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აგრარულ საკითხთა კომიტეტში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანებული არიან ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების კომიტეტების წევრები. სამუშაო ჯგუფის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, თანამედროვე აგრო რეგიონის საპილოტე პროექტის ფარგლებში, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტისთვის განვითარების კონცეფცია მუშავდება.

„სამი კომიტეტის ერთობლივი მუშაობით დაიწყო თანამედროვე აგრო რეგიონის პროექტი, რომლის ფარგლებშიც  შეირჩა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, გამომდინარე იქიდან, რომ  განვითარებისთვის თეთრიწყაროს ძალიან კარგი პოტენციალი აქვს როგორც აგრარული, ასევე აგრო ტურისტული და, ზოგადად, ტურისტული მიმართულებით. პროექტის ფარგლებში გაწერილი იქნება რეკომენდაციები სამინისტროების მიმართ, თუ რა კონკრეტული ღონისძიებები უნდა განხორციელდეს სხვადასხვა მიმართულებით. ვფიქრობთ, იგი  ამავე დროს ძალიან კარგი დოკუმენტი იქნება დონორების კოორდინაციისთვის, რათა მათი პროექტებიც მიზანმიმართულად იყოს თავმოყრილი ამ მუნიციპალიტეტში”, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

კონცეფციის პირველ მონახაზს სამუშაო ჯგუფის წევრები უკვე გაეცნენ და მისი პრეზენტაცია და განხილვა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიმართა. განხილვაში მონაწილეობდნენ პარლამენტის წევრი, თეთრიწყაროს, ბოლნისის, დმანისის და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, პარლამენტის წევრი, სამუშაო ჯგუფის წევრი გოდერძი ჩანქსელიანი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა თედორაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადგილობრივი მცხოვრებლები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

როგორც აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა პერიოდში ხდებოდა რეგიონების აგრარული პოტენციალის შესწავლა, მთავრობის მიერ ხორციელდებოდა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, თუმცა თანამედროვე აგრო რეგიონის კომპლექსური განვითარების ერთიანი ხედვა არ არსებობს.

ნინო წილოსანის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მეწარმეობის წახალისებით შეიქმნას სოფლის მეურნეობის სრული ღირებულებათა ჯაჭვი, კონცენტრირებულად შეეწყოს ხელი აგრო და გასტრო ტურიზმს, შემუშავდეს ერთიანი კონცეფცია ყველა დარგობრივი მიმართულების გათვალისწინებით, თანამედროვე რეგიონის ფორმირების მიზნით.

საპილოტე პროექტის პირველადი კვლევის შედეგების პრეზენტაცია ექსპერტმა ზაზა ჭელიძემ გააკეთა. მან ისაუბრა თეთრიწყაროს რეგიონის განვითარებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა და ზოგად რეკომენდაციებზე, რომელთა კოორდინირებულად შესრულებამ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, ბიძგი უნდა მისცეს რეგიონის განვითარებას.

პრეზენტაციის შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ სამუშაო ჯგუფის წევრებს თავიანთი მოსაზრებები და წინადადებები გააცნო.

პარლამენტის წევრ გოდერძი ჩანქსელიანის განცხადებით, კვლევამ დაადასტურა, თუ რა დიდი პოტენციალი აქვს რეგიონს როგორც აგრო ტურიზმის, ასევე ტურიზმის კუთხით, რაც თავის მხრივ, მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

„საინტერესო კვლევა და რეკომენდაციები იყო წარმოდგენილი. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, საერთაშორისო დონორებთან, რათა განვსაზღვროთ კომპლექსური ღონისძიებები და ამ კვლევის შედეგების პრაქტიკაში რეალიზება მოვახდინოთ”, – განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარის შეფასებით, განხილული პროექტი, როგორც სამოდელო, იქნება ძალიან კარგი მაგალითი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

„ძალიან  საინტერესო და  კარგი ინიციატივა შემოგვთავაზა ნინო წილოსანმა, რომ ერთ-ერთი მოდელური მუნიციპალიტეტი შექმნილიყო. იგი საქართველოს დანარჩენი მუნიციპალიტეტებისთვის იქნება  მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თანამედროვე აგრო და ტურისტული მეურნეობები ერთად,  ერთმანეთის გამაძლიერებლად, ერთმანეთთან შერწყმით. ამ ორი მიმართულების შერწყმა, და თან თუ ამას მთელი ქვემო ქართლის რეგიონის კონტექსტში განვიხილავთ, იქნება ძალიან მიმზიდველი, ბევრ სამუშაო ადგილსაც გააჩენს, ბევრ ადამიანს მისცემს თავის გამოჩენის საშუალებას, დასაქმების შანსებს და, ზოგადად, რეგიონის განვითარებისთვისაც იქნება ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

თანამედროვე აგრო რეგიონის საპილოტე პროექტის სამუშაო ჯგუფი, განხორციელებული კვლევების საფუძველზე, უახლოეს პერიოდში გააკეთებს შეფასებებს და პრიორიტეტების მიხედვით სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები