საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა მზადაა, მეტ ადამიანს მისცეს საშუალება, იმ მიმართულებებში გადაემზადოს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია, – ამის შესახებ პროფესიული კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტაკიძემ საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების შექმნის და სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი მოქალაქეების დასაქმების ინიციატივა შეაფასა. როგორც ცნობილია, პროექტი მარტიდან ამოქმედდება.
„საქართველოს მთავრობის მიერ გამოცხადებული ინიციატივა სოციალურად დაუცველთა დასაქმების პაკეტთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ უკვე 3 პროგრამის აპრობირება და მომზადება დავიწყეთ. ესენია თბილისი მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, მომზადება – გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო პროგრამა და ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამა, რომელიც ასევე ამ პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს. მოგეხსენებათ, მარტიდან კიდევ ახალი პაკეტი უნდა დაიწყოს, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მზაობა უნდა გამოვხატოთ,რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ პროცესში. კოლეჯი და, ზოგადად, საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა მზადაა, მეტ ადამიანს მისცეს საშუალება, იმ მიმართულებებში გადაემზადოს, რომლებიც ბაზარზე მოთხოვნადია. ბაზარი შესწავლილია. ჩვენ ზუსტად ვიცით, რომელ მიმართულებას აქვს დეფიციტი და ვაკანსიები. ამ მიმართულებით მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კოლეჯის გამტარუნარიანობა გავზარდოთ, უფრო მეტი ადამიანი მოვიდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ქართულ ბაზარზე დღეს კომპანიებს გაცილებით მეტი მომზადებული და კვალიფიციური კადრი სჭირდებათ, ვიდრე არის. ბევრი ვაკანსიაა, სადაც, სამწუხაროდ, დაუსაქმებელი ადგილებია. შესაბამისად, როცა ვამბობთ, რომ დასაქმების პრობლემაა, ამას რამდენიმე კუთხით უნდა შევხედოთ. პირველია ის, არსებობს თუ არა სამუშაო ადგილები. მინდა, გითხრათ, რომ არსებობს. ბევრი კომპანია ყოველდღიურად გვიკავშირდება, ბიზნესკომპანიებთან კომუნიკაცია გვაქვს. მათი ძირითადი პრობლემა ადამიანური რესურსის, მომზადებული კადრების არყოლაა. ჩვენ გვინდა, ეს მიმართულება გავაძლიეროთ, მომზადება- გადამზადების საშუალება გაცილებით მეტ ადამიანს მიეცეს. ფინანსურად მინდა, გითხრათ, რომ სახელმწიფო სრულად იღებს პასუხისმგებლობას. ყველა იმ ადამიანს, რომელსაც კვალიფიკაციის ამაღლება უნდა, სურს – პროფესია შეიცვალოს ან გაიუმჯობესოს უნარები, საშუალება აქვს, ყოველგვარი გადასახადის გარეშე, კვალიფიკაცია მიიღოს. ჩვენ მზად ვართ, რომ მათ კომპანიებთან კომუნიკაცია გავუწიოთ, დამსაქმებელი და დასასაქმებელი შევახვედროთ.
მინდა, გითხრათ, რომ ბოლო პერიოდში ძალიან აქტიურად დაიწყო ევროკავშირის ქვეყნების დაინტერესება ჩვენი მომზადებული სპეციალისტების ევროკავშირის ქვეყნებში ჩართვის თაობაზე. მაგალითი ბევრია“ , – განაცხადა ტაკიძემ.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს პროფესიული განათლება სხვადასხვა მიმართულებაში სრულ მზაობას გამოხატავს. როგორც მათე ტაკიძემ განაცხადა, ბევრი სპეციალობაა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა.
„ესენია ტურიზმის სეგმენტი, სოფლის მეურნეობა, ავტოინჟინერია, IT ტექნოლოგიები, სამშენებლო, საინჟინრო მიმართულებები. ვფიქრობ, ყველა ამ მიმართულებით შეგვიძლია, ადამიანებს ძალიან მოკლე პერიოდში ძალიან კარგი და ღრმად ჩაშლილი კვალიფიკაცია მივცეთ. ეს მათ დასაქმებას, კეთილდღეობას ნიშნავს. მოსახლეობას მინდა, ვთხოვო: ისინი ჩვენამდე უნდა მოვიდნენ. ჩვენი ყველა პროგრამა ავტორიზებულია, ბიზნესთან შეთანხმებულია, ბიზნესმა ზუსტად იცის, რომ ჩვენთან ერთად იმ საგანმანათლებლო პროგრამას მოამზადებს, რომელიც მოქალაქეების დასაქმებისთვის მნიშვნელოვანია.
კვლევების თანახმად, პროფესიები, რომლებზეც დიდი მოთხოვნაა, არის: ტურიზმის სფეროში კულინარია, ტურიზმის სფერო მოთხოვნადია, სამშენებლო ინჟინერია და მშენებლობა. ჩამონათვალი შეიძლება, გრძელი იყოს. ყველა ამ სპეციალობაზე მსხვილ კომპანიებს რეალურად საკადრო დეფიციტი აქვთ, სჭირდებათ ენერგეტიკოსები, შემდუღებლები, გეოდეზისტები, მეგზევეები, მშრალი მშენებლობის სპეციალისტები, IT ინჟინერიის მიმართულების სპეციალისტები. მოთხოვნადია ხის მხატვრული კვეთა, ქვის დამუშავება, დურგლის სპეციალობა, რადგან ქვეყანაში ავეჯის წარმოება ვითარდება. ბევრი სპეციალობაა, რომელზეც დიდი მოთხოვნაა“, – განაცხადა მათე ტაკიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 14 თებერვალს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღებ შრომისუნარიან პირებზე ორიენტირებული დასაქმების აქტიური პოლიტიკა, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა დაიწყება.
პრემიერის თქმით, შრომისუნარიან ადამიანებს სჭირდებათ არა შემწეობა, არამედ, დასაქმება და საკუთარი თავის რეალიზება.
„მინდა, აღვნიშნო ხაზგასმით – საზოგადოებრივი სამუშაო არ განაპირობებს სოციალური დახმარების შეწყვეტას. მოსარგებლის ოჯახს 4 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობა. ის დახმარება, რასაც ის დღეს იღებს, მიეცემა მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ ამას არ შევეხებით. ამ პროგრამაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მიეცემა დამატებით 300 ლარი”, – განაცხადა პრემიერმა.