24 თებერვალი მსახიობ აკაკი ხიდაშელის დაბადების დღეა
„დღეს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მსახიობის, აკაკი ხიდაშელის დაბადების დღეა! ვულოცავთ საუკეთესო სურვილებით და წარმატებას ვუსურვებთ შემოქმედებით ცხოვრებაში“! – აღნიშნულია თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კინოსა და თეატრის მსახიობი – აკაკი ხიდაშელი დაიბადა 1953 წლის 24 თებერვალს, დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი (დ. ალექსიძის სახელოსნო) 1974 წელს.
ჯერ ახალგაზრდული თეატრის -„მეტეხის“ მსახიობი იყო, შემდეგ – 1976-1993 წლებში მოღვაწეობდა რუსთაველის სახელობის თეატრში, 2004-2014 წწ. ახმეტელის თეატრის, 2006 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის, და 2010 წლიდან თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია.
ხოლო 2014-2016 წლებში იგი მოზარდ მაყურებალთა თეატრის სცენაზე გამოდიოდა.
მის მიერ სცენაზე შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: ჰამლეტი („ჰამლეტი”, ს. მრევლიშვილი), სანდრო კლიმიაშვილი („ქალის ტვირთი”, თ. ჩხეიძე), ზურიკელა („მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”, რ. სტურუა), ჰაროლდი („ჰაროლდი და მოდი”, რ. სტურუა, გ. სიხარულიძე), არნო შიკედანცი („ას ერგასის დღე”, რ. სტურუა), ედმუნდი („მეფე ლირი”, რ. სტურუა), პოეტი („რომაული კომედია”, გ. ლორთქიფანიძეწ), სანდრო („მეფე ლირი თავშესაფარში”, ო. ბაღათურია), ლეონარდო („სისხლიანი ქორწილი”, ლ. წულაძე), მიხეილ ახმეტელი („პიგმალიონი”, ლ. წულაძე) და სხვ.
თბილისის პიონერთა სასახლის დრამატული წრის მსახიობმა მონაწილეობა მიიღო ფილმში: „ტარიელ გოლუა” (ლ. ხოტივარი, 1968, გიო). გადაღებულია ფილმებში: „მონადირე” (ა. ჟღენტი, 1969), „ძნელი დასაწყისი” (თ. მაღალაშვილი, 1981), „ღამურა” (ი. დოიაშვილი, 1981), „წიგნი ფიცისა” (გ. ლორთქიფანიძე, 1983), „დღეს ღამე უთენებია” (ლ. ღოღობერიძე, 1983), „მონანიება” (თ. აბულაძე, 1984), „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში” (გ. მატარაძე, 1985), „საფეხური” (ა. რეხვიაშვილი, 1986), მთავარი როლი შეასრულა ფილმში „ომი და ქორწილი” (ზ. კოლელიშვილი, 2010), სატელევიზიო სპექტაკლში „ჯაყოს ხიზნები” (თ. ჩხეიძე, 1984).