დღეს მომღერალი მედეა ძიძიგური 80 წლის გახდებოდა
24 თებერვალს, ქართველი მომღერალი და საქართველოს დამსახურებული არტისტი, მედეა ძიძიგური 80 წლის გახდებოდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს მედეა ძიძიგურის შემოქმედებას, ქართული მუსიკის განვითარებაში შეტანილ წვლილს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„მედეა ძიძიგურის მუსიკალური კარიერა არაერთ წარმატებას მოიცავს. ჯერ კიდევ სტუდენტობისას იგი უნივერსიტეტის საესტრადო ორკესტრში მღეროდა. 1963 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი, ხოლო 1969 წლიდან ყოველწლიურად ატარებდა კონცერტებს და მსმენელს განახლებული მუსიკალური პროგრამით ანებივრებდა. ასევე, 1994 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა სახლის დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად.
მედეა ძიძიგური იყო საერთაშორისო ფესტივალების არაერთგზის ლაურეატი, სამგზის ოქროს მედლის მფლობელი. მომღერალმა 1999 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიაც მიიღო. იგი გამოირჩეოდა განსხვავებული ხმით და შესრულების მანერით. მისი მოღვაწეობის შესახებ გადაღებულია დოკუმენტური ფილმი – „მღერის მედეა ძიძიგური“.
მედეა ძიძიგურის ქართული რეპერტუარიდან აღსანიშნავია: „სვეტიცხოველი”, „მიმღერე რამე“, „წმინდაო მარიამ“, „მეზურნე”, „რომანსიადა”, „ჟუჟუნა წვიმა“, „მე შენთან მოვალ“, „ადამიანი“, „მადლობელი ვარ“, „უშენოდ”, „რომანსი” და სხვა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.