იაგო ხვიჩია: დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან
“ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის”, – ამის შესახებ „გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დასავლეთი ვალდებულია, უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვას.
„მოვლენებს უნდა დავაკვირდეთ და რაღაცნაირად ვიყოთ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მათთან ერთად უნდა ვიმოძრაოთ. სანქციების ამბავი იქნება თუ სხვა რამე, დასავლელ პარტნიორებთან შეთანხმებით უნდა გავაკეთოთ. ამავე დროს, რა საშუალებაც გვექნება, დასავლელ პარტნიორებს უნდა მოვუწოდოთ, რომ უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვან. მთავარი ამოცანა უნდა იყოს ის, რომ ჩვენი პოზიცია გასაგები იყოს დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ დასავლეთი ვალდებულია უკრაინა და უკრაინელი ხალხი დაიცვას. ახლა უკრაინაზე თავისუფლებისთვის ბრძოლის ხაზი გადის, შემდეგი ხაზი სად გავა, ეს ზუსტად არავინ იცის, საქართველოზე, ბალტიისპირეთზე თუ სხვაგან”, – განაცხადა ხვიჩიამ.