„300 ლექსი და ერთი პოემა სიყვარულზე” – ქეთევან დოლიძის ახალი პოეტური კრებულის წარდგენა გაიმართება
24 თებერვალს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში ქეთევან დოლიძის ახალი კრებულის – „300 ლექსი და ერთი პოემა სიყვარულზე” წარდგენა გაიმართება.
ავტორის თქმით, ეს არის სასაჩუქრე გამოცემა.
პოეტმა სოციალურ ქსელში თავად გაავრცელა ინფორმაცია:
„მერიდიანმა” გამოსცა ჩემი მე-9 წიგნი, 416-გვერდიანი – „300 ლექსი და ერთი პოემა სიყვარულზე”. წიგნი არის დიდი ფორმატის – B5, მაგარ ყდაში, 500-სტროფიანი მითოლოგიური პოემით და თეთრი პროზის პროლოგითა და ეპილოგით. გარეკანის, ფორზაცისა და ჩანახატების მხატვრობა – ჩემია (სულ 180-მდე), დიზაინერი – გია ჩიქვინიძე, რედაქტორი – მარიამ ჯაფარიძე.
მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ წიგნის გამოცემაში, ბატონებს: კახაბერ რუსიძეს, ელიზბარ არსენაშვილს, გია ჩიქვინიძეს, შოთა დონაძეს და ჩემს მარიამ ჯაფარიძეს“, – წერს ქეთევან დოლიძე.
ქეთევან დოლიძე ლექსებს მეოთხე კლასიდან წერს. იბეჭდებოდა ჟურნალებში: „ნობათი“ და „ცისკარი“. მისი ლექსები გერმანიაში გამოცემულ ქართველ მწერალთა კატალოგშია შესული.. საკუთარ თავს პოეზიის კონკიას ეძახის… 2013 წლიდან კი „ზღაპრის სახლის“ დამფუძნებელია.