ბექა დავითულიანი: რუსეთის ქმედებით უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული
“რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადებით ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა უკრაინის ეროვნული ინტერესები შელახა.
„რუსეთის ხელისუფლების მხრიდან გუშინ გაკეთებული განცხადებით ნათელია, რომ ისინი ცდილობენ ისტორიის გადაწერას და ამ გადაწერილ ისტორიაზე თავისი პოლიტიკური დღის წესრიგის დაფუძნებას, რომელიც არის გვიანი შუასაუკუნეების პოლიტიკურ აზროვნებაში დარჩენილი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა შეეცადოს, რომ, პირველ ყოვლისა, შენარჩუნებული იყოს მშვიდობა და მეორე მხრივ, მოხდეს იმ ქვეყნების ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვა, რომლებიც არიან ამ აგრესიის მსხვერპლი. გუშინ, სამწუხაროდ, რუსეთის ამ ქმედებით უკრაინის ეროვნული ინტერესები შეილახა და ახლა საერთაშორისო საზოგადოების რეაქციაზე ბევრი რამეა დამოკიდებული”, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა გუშინ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების – დონეცკისა და ლუგანსკის „დამოუკიდებლობის“ აღიარების გადაწყვეტილება მიიღო.