ეუთო-ს თავმჯდომარე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ზბიგნევ რაუ, ეუთო-ს გენერალური მდივანი – ჰელგა მარია შმიდტი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი – მარგარეტა სედერფელტი და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი – რობერტო მონტელა რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების აღიარებას გმობენ და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ისინი პუტინს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გააუქმოს დონეცკისა და ლუგანსკის “სახალხო რესპუბლიკების” აღიარება.
„ეს ნაბიჯი არის საერთაშორისო სამართლის და ეუთო-ს ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და ეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებებს. ეუთო-ს ყველა წევრმა სახელმწიფომ, მათ შორის, რუსეთმა აიღეს ვალდებულებები, პატივი სცენ სხვების სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ რუსეთს, დაუყოვნებლივ გააუქმოს ეს გადაწყვეტილება. ეს აღიარება მხოლოდ კიდევ უფრო გაამწვავებს დაძაბულობას და განაცალკევებს ამ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას მათი ქვეყნის, უკრაინის დანარჩენი ნაწილისგან“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსეთმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთებული მიმართვისას გამოაცხადა.