ანა ბუჩუკური: ოდირ-ის დასკვნაში ის რისკები აისახა, რაც რეალობაა
“ოდირ-ის დასკვნაში ის რისკები აისახა და ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ ის დაინახეს, რაც რეალობაა”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” წევრმა, ანა ბუჩუკურმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით ეუთო/ოდირ-ის შეფასებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნების” მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მავნებლობაა.
“ოდირ-ის დასკვნაში სწორედ ის რისკები აისახა და ჩვენმა პარტნიორებმა სწორედ ის დაინახეს, რაც რეალობაა. “ქართული ოცნების” მიერ მიღებული გადაწყვეტილება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებით არის ძალიან საშიში და პირდაპირ ვიტყვი, ეს არის მავნებლობა.
ეს იყო ყველაზე მავნებლური და პრეცედენტული გადაწყვეტილება, რაც “ქართულ ოცნებას” ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის განმავლობაში მიუღია. ამით “ქართულმა ოცნებამ” პირდაპირ თქვა: მერე რა, რომ ჩემი არჩეულია, ჩემმა პარლამენტმა აირჩია, ვინაიდან კონკრეტული სახელმწიფო უწყება ვერ დავიმორჩილე პარტიულ ვერტიკალში, ავდგები და დაჩქარებული წესით, ყოველგვარი ჩართულობის და კონსულტაციების გარეშე, ამ ადამიანს სახლში გავუშვებ. ეს ნიშნავს გაფრთხილებას და მუქარას, სხვა თანამდებობის პირების, რომელიც შეეცდება გამოავლინოს მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულების ფარგლებში დამოუკიდებლობის ხარისხი. მერე ყველამ ვნახეთ, ვინ იქნა არჩეული ამ თანამდებობაზე”, – განაცხადა ბუჩუკურმა.