18 თებერვალი – რეზო ესაძის დაბადების დღეა
18 თებერვალს მსახიობს, მწერალს, მხატვარს, რეჟისორს – რეზო ესაძეს 88 წელი შეუსრულდებოდა.
გადაიღო 11 ფილმი: „ნეილონის ნაძვის ხე“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრანპრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე), „წისქვილი ქალაქის გარეუბანში“, „ერთი ნახვით შეყვარება“ (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე), „ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა“, „საქორწილო საჩუქარი“, „წკიპურტები“, „ყოველ შაბათს“ (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად), „წამმზომი“, „ოთხი ფურცელი“, „ფრო“, „ერთხელ“.
შეასრულა არაერთი მთავარი და ეპიზოდური როლი.
რეზო ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ-ავივი მასპინძლობდა. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. 2001 წელს მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა.
2019 წელს, რეზო ესაძის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.
რეზო ესაძე იყო საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, ასევე – საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრი.