ანა წითლიძე ფინანსთა მინისტრს: როდესაც მომავალი მოხსენების დროს პარლამენტში მოსვლა მოგიწევთ, თუ თქვენ იქნებით ფინანსთა მინისტრი, გისურვებთ, რომ მეტი დამაიმედებელი ინფორმაცია გქონდეთ ჩემი რეგიონისთვის

„თუ პასუხისმგებლობა არც კონტრაბანდაზე არ გაქვთ, არც ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე – მაშინ რაზე გაქვთ? არ ვიცი, მომავალი მოხსენების დროს, როდესაც აქ მოგიწევთ მოსვლა, თქვენ იქნებით თუ არა ფინანსთა მინისტრი, მაგრამ თუ იქნებით, გისურვებთ, რომ მეტი დამაიმედებელი ინფორმაცია გქონდეთ ჩემი რეგიონისთვის”,- ასე შეაფასა ფრაქციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია” წევრმა, ანა წითლიძემ ფინანსთა მინისტრის მოხსენება.

დეპუტატის განცხადებით, მან მინისტრისგან კონკრეტული პასუხები ვერ მიიღო.

„თქვენ ალბათ უხერხულად გრძნობთ თავს, როდესაც თქვენი მინისტრობის პერიოდში ჩემს რეგიონში, კონტრაბანდა გაიზარდა სამჯერ. ფინანსური პოლიცია რეგიონში, იმ ბაზრის მოვაჭრეებს კი არ უნდა დასდევდეს, რომლებიც უაქციზო, კონტრაბანდულ სიგარეტს ყიდიან იმისთვის, რომ საკუთარი ოჯახის წევრები არჩინონ, არამედ, უნდა აკავებდეს იმ მაღალჩინოსნებს რომლებიც გარეულნი არიან კონტრაბანდულ ბიზნესში და რომელსაც ხელს აფარებს ფინანსური პოლიცია”,- განაცხადა ანა წითლიძემ.

მისივე თქმით, ის პასუხს ელოდა ანაკლიის პორტთან დაკავშირებითაც.

„ თქვენ რომ დღეს ნორმალური ქვეყნის ნორმალური ფინანსთა მინისტრი იყოთ, ანაკლიაზე უნდა გვესაუბრებოდეთ, თუ როგორ იქმნება იქ სამუშაო ადგილები, როგორ მოიზიდეთ ინვესტიციები, როგორ არ გარბიან ანაკლიელები სხვა ქვეყანაში ლუკმა-პურის საშოვნელად. ნაცვლად ამისა, უხერხულია თქვენთვის, როდესაც გველაპარაკებით იმაზე, რომ ანაკლიის საკითხთან დაკავშირებით, ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება თქვენი არასწორი პოლიტიკის გამო საერთაშორისო სასამართლოებში”,- აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, ანაკლიაში მოუგვარებელია ე.წ. ქვიშის გორების პრობლემაც.

„ასევე, გვესაუბრეთ ფისკალურ დეცენტრალიზაციაზე-მინდა გკითხოთ, რატომ ვერ შეიმუშავეთ აქამდე ფორმულა? 10 წელია, უკვე, თქვენი პოლიტიკური გუნდი არის ხელისუფლებაში და წინასაარჩევნო დაპირება „ქართული ოცნების” იყო ფისკალური დეცენტრალიზაციის სრულად განხორციელება და ადგილობრივი შემოსავლების მუნიციპალიტეტში დატოვება, მაგრამ ადგილობრივი შემოსავლების დიდი ნაწილი ისევ ცენტრალურ ხელისუფლებაში მიდის. მხოლოდ 19 % გვიტოვებს და ამ 19%-ის დამოუკიდებლად განკარგვის უფლებაც მუნიციპალიტეტს, რეალურად, არ გვაქვს.

ისაუბრეთ, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 2 მილიარდი ლარი დაიხარჯა. ცენტრალური ხელისუფლების მიერ გამოყოფილი 22 მილიონი, რითიც ზუგდიდის სტადიონი აშენდა და 2019 წელს უნდა გახსნილიყო, არის ჩამონგრეული და 22 მილიონი ლარი არის წყალში ჩაყრილი.

27 მილიონი ლარი, რომლითაც განხორციელდა წალენჯიხაში ჯვარის წყალმომარაგების პროექტი, ჯვარელებს დღესაც არ აქვთ წყალი და აქვთ გრაფიკი”,- განაცხადა ანა წითლიძემ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები