რომან გოცირიძე – ფინანსთა მინისტრს: გახარებული ველოდი თქვენ მოსვლას, რამდენჯერაც პარლამენტში მოხვედით, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!

“გახარებული ველოდი თქვენ მოსვლას ბატონო მინისტრო. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება, ასეთი რა ჯადო გაქვთ?!”, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, რომან გოცირიძემ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.

„დღეს რა შეიძლება, გაუხარდეს საქართველოში თითოეულ მოქალაქეს, რა თქმა უნდა, ლარის გამყარება. გახარებული ველოდი თქვენს მოსვლას, ბატონო მინისტრო, დარწმუნებული ვიყავი, რომ ლარი გამყარდებოდა დღეს. რამდენჯერაც მოხვედით პარლამენტში და რამდენჯერაც მოვიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გაუფასურებული ლარი მყარდება. რა ასეთი ჯადო გაქვთ, რომ თქვენი აქ შემოსვლა მომენტალურად გადაეცემა ფინანსურ ბაზარს?! არ ვიცი ეს თქვენი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ჯადოს დამსახურებაა თუ სხვა რამისა, მაგრამ ეროვნულ ბანკს ახლა ოფიციალურად მივმართავ, დაუყოვნებლივ გაასაჯაროოს ინტერვენციების ის რაოდენობა, რომელსაც ის აწარმოებს სავალუტო ბირჟის მიღმა. ეს არის გასაიდუმლოებული, შემდეგ თვე-ნახევრის მერე ვიგებთ საერთო დაჯამებულ რაოდენობას, ოღონდ არ ვიცით, როდის განახორციელა მცირეოდენი ინტერვენციები, რომელიც ლარის რყევებზე გავლენას ახდენს. თუ მხოლოდ პოლიტიკური დადებითი ფონის შექმნისთვის კეთდება ეს, ჯანდაბას, კიდევ არაუშავს, მაგრამ ასეთი სწრაფი გამყარება და ხტუნაობა შესაძლებელია ბევრ სხვა ეჭვებსაც აღძრავდეს”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები