დიდუბის რაიონის გამგებელი: დიღომში აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მერია კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება
ყველაფერს შევისწავლით და თბილისის მუნიციპალიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს ოჯახებს, – ამის შესახებ დიდუბის რაიონის გამგებელმა, ლადო ძნელაძემ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზარალებულ ოჯახებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირი აფეთქდა.
„წინასწარი ინფორმაციით, გაზი აფეთქდა. ფანჯრები გადმოყრილია. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. რამდენიმე ოჯახი დაზარალდა. წინასწარი ინფორმაციით, მათი საცხოვრებელი სერიოზულადაა დაზიანებული. ამ ყველაფერს შევისწავლით და თბილისის მუნიციპალიტეტი, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის დახმარებას აღმოუჩენს ოჯახებს“, – აცხადებს ლადო ძნელაძე.
ცნობისთვის, თბილისში, დიღმის მასივში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-7 სართულზე აფეთქება დილით მოხდა. შედეგად, დაშავდა ერთი ადამიანი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.