ლალი ტურძელაძე კლინიკის ფანჯრიდან გადამხტარ პაციენტზე – ხვალ ვაპირებდით მის გაწერას, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი
თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული 59 წლის პაციენტი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა, კლინიკიდან ხვალ უნდა გაწერათ.
პირველი საუნივერსიტეტო საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საკონტროლო ანალიზი და იგი თავს კარგად გრძნობდა.
„პაციენტი მამაკაცი, 59 წლის ჩვენს კლინიკაში შემოვიდა 5 თებერვალს. პაციენტი იყო მძიმე მდგომარეობაში, კოვიდინფიცირებული და მოთავსდა ინტენსიურ განყოფილებაში. ინტენსიურ განყოფილებაში პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა და 8 რიცხვში გადავიდა პალატაში, სადაც ის ორსაწოლიან პალატაში იწვა, მეორე პაციენტთან ერთად. თავს კარგად გრძნობდა, ხვალ ვაპირებდით მის გაწერას, დღეს გაკეთდა ყველა საკონტროლო ანალიზი, მდგომარეობა იყო ძალიან დამაკმაყოფილებელი.
მეორე პაციენტი, რომელიც ამ პაციენტთან ერთად იწვა, დღეს გაეწერა ბინაზე, როდესაც შევიდა სანიტარი, დაალაგა იმ პაციენტის გამო პალატა, რომ იმ ადგილზე ახალი პაციენტი შემოსულიყო, სულ ორი წუთის გამოსული იყო, რომ პაციენტი ფანჯრიდან გადახტა. არავითარი ფსიქიკური პრობლემები არ ჰქონდა, პირიქით ჩვენთან ყველაზე მშვიდი პაციენტი იყო. ოჯახმაც თქვა, რომ არ ჰქონია არავითარი ფსიქიური პრობლემა“, – განუცხადა ლალი ტურძელაძემ ჟურნალისტებს.