პაატა იმნაძე: „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობა საკმაოდ დიდია
სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც ადამიანს „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა კვლავ დიდია.
„რა თქმა უნდა, საფრთხე ისევ არის. ხედავთ, რამდენია ყოველდღიურად ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, მაინც არის იმის რისკი, რომ აუცრელ ადამიანებში შეიძლება, წავიდეს მძიმედ. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ სიფრთხილისა და აცრებისკენ.
სამწუხაროდ, აღწერილია შემთხვევები, როდესაც „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, ერთ თვეში შეიძლება, „ომიკრონის“ მეორე ვარიანტი დაემართოს. საქართველოში ასეთი შემთხვევა დადასტურებული ჯერ არ არის. ზოგადად, რეინფიცირება ბევრია, ვისაც ,,დელტა,, ჰქონდა, ძალიან ბევრს დაემართა „ომიკრონი“, მაგრამ „ომიკრონის“ ერთი ვარიანტის შემდეგ, მეორე ვარიანტის შეხვედრის ალბათობაც საკმაოდ დიდია“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.