ივანე ჩხაიძე: ხანგრძლივი იზოლაცია სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიებზე ნეგატიურად აისახება
“იზოლაციის ვადების შემცირება მოიტანა კორონავირუსის ახალმა შტამმა, „ომიკრონმა“, რომელიც შედარებით ნაკლები ხანგრძლივობითა და ნაკლები გადამდებლობის პერიოდით ხასიათდება, განსხვავებით „დელტასგან“, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისივე თქმით, ხანგრძლივი იზოლაცია სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიებზე ნეგატიურად აისახება.
„როდესაც ქვეყანაში 8-დღიანი იზოლაციის პერიოდი გვაქვს, ეს სწორია მაშინ, თუ დომინანტურია „დელტა“, მაგრამ „ომიკრონთან“ იზოლაციის ვადები უნდა გადაიხედოს. ასე მოიქცა აშშ, ევროპის პრაქტიკულად ყველა ქვეყანა. ყველგან ერთი და იგივე ციფრია – 5 დღე. რამდენი ხანი ითვლება პაციენტი გადამდებად – „ომიკრონის“ შემთხვევაში ეს არის ინფიცირებამდე 2 დღით ადრე და ინფიცირებიდან 4-5 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე მიიღო ყველა ქვეყანამ იზოლაციის დღეების შემცირება.
ამის უკან ასევე დგას მეორე ფაქტორი – ხანგრძლივი იზოლაცია ნეგატიურად აისახება სტრატეგიული მნიშვნელობის პროფესიებზე. როდესაც ჩვენ ვუყურებთ, რომ ექიმი, რომელსაც კორონავირუსის ნიშნები არ აღენიშნება და ის სხვებისთვის გადამდები არ არის, მაგრამ იძულებულია 8 დღე იყოს სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელოვნურად ვქმნით სამედიცინო კადრების დეფიციტს. იმ ჯგუფებისთვის, რომელთა მუშაობა და საქმიანობა ქვეყნისათვის არის აუცილებელი მათთვის იზოლაციის პერიოდი განისაზღვრა 5 დღე“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.