რატი იონათამიშვილი: ცვლილებები ბუნებრივი პროცესია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები ბუნებრივი პროცესია.
მისი შეფასებით, ოპონენტები როგორც უნდა ცდილობდნენ აპოკალიფსის წარმოჩენას, მაინც ყველასთვის ცხადია, რომ აპოკალიფსი ოპოზიციისთვის ყოველ არჩევნებზე დგება.
მისი შეფასებით, ნათია თურნავა წარმატებული მინისტრი იყო.
„ნათია თურნავა არის არა მხოლოდ წარმატებული მინისტრი, არამედ წარმატებული ქალი მმართველია და მე დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ პოზიციაზე ასევე წარმატებით იმუშავებს და ეფექტური იქნება მისი საქმიანობა ვინაიდან, არის ძალიან მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. ცვლილებები ცხადია, არის ბუნებრივი პროცესი და როგორც არ უნდა ეცადონ ჩვენი ოპონენტები აპოკალიფსური სურათი წარმოაჩინონ, როცა მსგავსი საკითხები წყდება, სინამდვილეში ცხადია, რომ აპოკალიფსი მათთვის ყოველ არჩევნებზე დგება და თუ ასე უშინაარსოდ გააგრძელებენ ოპონირებას კიდევ უფრო მძიმე შედეგებს მიიღებენ არჩევნებზე საზოგადოების მხრიდან”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ცნობისათვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას აღნიშნულ პოსტზე სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ცვლის. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის მინისტრს, აღნიშნულ თანამდებობაზე ოთარ შამუგია დაინიშნა, რომელიც მანამდე ლევან დავითაშვილის მოადგილე იყო.