სვენ მიქსერი: მინდა საქართველო წავახალისო, რათა იყოს ამბიციური

მინდა საქართველო წავახალისო, რათა იყოს ამბიციური. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, რომ შეიტანოს განაცხადი, მაგრამ ევროკავშირის გაფართოება ცალკე საკითხია, – ამის შესახებ საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელმა სვენ მიქსერმა პარლამენტში, ევროპასთან ინტეგრაციისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

სვენ მიქსერის თქმით, ყველა რჩევას, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში გასცემს, არის იმ რწმენით, რომ ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი საქართველოსთვის.

მისი განცხადებით, ახლა პროცესი დამოკიდებულია ქართველ კანონმდებლებზე, მიიღებენ საერთაშორისო ინსტიტუციების რჩევას თუ არა.

„ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ინტეგრაციისკენ სწრაფვის პროცესში, მაგრამ ასოცირების შეთანხმება ავტომატურად არ ნიშნავს და არ არის სტატუსი, რომელიც ამ პროცესთან პირდაპირ არ არის დაკავშირებული. ეს პროცესი დამოკიდებულია სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ კრიტიკული მნიშვნელობის გახლავთ ქვეყნის მზაობა. ფილოსოფიურად ვიტყოდი – შესაძლებლობის კარი იღება და იკეტება; ძალიან დიდი ხანი შეიძლება მოგიწიოს ლოდინი შემდეგ ჯერზე კარის გაღებისთვის. რეფორმების უმრავლესობა, რომელიც გახლავთ ასოცირების შეთანხმების ნაწილი სარგებლის მომტანია საქართველოსთვის ბიზნეს კლიმატისთვის, საზოგადოებისთვის. ეს რეფორმები სარგებლიანია და ღირს მათი გატარება მაშინაც კი, თუ ამას შევხედავთ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციებისგან დამოუკიდებლად. სასამართლო რეფორმები ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ევროკავშირი და სხვადასხვა ინსტიტუცია არ არის იმ პოზიციაში, რომ გაატაროს ისინი. თუმცა, არის ბევრი საერთაშორისო ინსტიტუცია, არა მხოლოდ ევროპარლამენტი, ვენეციის კომისია, სხვადასხვა, რომლებიც თავიანთ რჩევებს და დახმარებებს გვთავაზობენ კანონის უზენაესობის მიმართულებით და არა მხოლოდ. მომავალშიც არის მზაობა რჩევებთან დაკავშირებით. ახლა პროცესი დამოკიდებულია ქართველ კანონმდებლებზე, მიიღებენ ამ რჩევას თუ არა. მიმაჩნია, რომ ყველა რჩევას, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში გასცემს, არის იმ რწმენით, რომ ეს არის რჩევა, რომელიც შეიძლება იყოს სარგებლის მომტანი საქართველოსთვის, რათა მიაღწიოს იმას, რისკენაც მიისწრაფვის“, – განაცხადა სვენ მიქსერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები